ახალი ამბები
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი ლითოფონის ქარხნის ტერიტორიაზე მოეწყობა
FaceBook
ქუთაისის მერია წერეთლის ქუჩაზე, ლითოფონის ქარხნის ტერიტორიაზე, ოლიმპიური სტანდარტების დახურული საცურაო აუზის მოსაწყობად პროექტის მომზადებას იწყებს.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ საცურაო აუზის რენდერის (პროექტის წინამოსამზადებელი დოკუმენტი, იგივე ნახატი, რომლის მიხედვით მზადდება პროექტი- რედ.) მომზადებაზე ტენდერი მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, მეორედ გამოცხადა.

სახელმწიფო შესყიდვის (CNT170000084) ღირებულება 3 000 ლარს შეადგენს. ტენდერში წინადადების მიღება 3 სექტემბერს დაიწყება და ხუთ დღეში დასრულდება.

დასაგეგმარებელი ობიექტის მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი 4374 კვ.მ.-ს შეადგენს (ს.კ. 03.06.21.439).



"ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია წარმოადგინოს სავარაუდო შიდა და გარე პერიმეტრის ვიზუალი და ასევე შენობა-ნაგებობის სამგანზომილებიანი სივრცითი ვიზუალი 4 (ოთხი) ეგზემპლარად ფერად ტონებში, A3 ფორმატის სახით, ხელშეკრულების დადებიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეში," - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ქუთაისში ოლიმპიური სტანდარების საცურაო აუზის მშენებლობის თაობაზე ინფორმაცია ქალაქის მერმა ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში გააჟღერა.

იმ დროისთვის შოთა მურღულია ამბობდა, რომ მშენებლობას 5 მლნ ლარამდე თანხა დასჭირდებოდა.

მოგვიანებით, მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საცურაო აუზისთვის ყოფილი ლითოფონის ქარხნის ტერიტორია, სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციამ, შეთავაზებული რამდენიმე ადგილიდან, შეარჩია.

"ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზისთვისთვის საჭიროა 4000 კვ.მ. ხოლო ლოთოფონის ქარხნის მიმდებერად არსებული ტერიტორია 3 400 კვ.მ შეადგენს. მის მომიჯნავედ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დამატებაც გახდა საჭირო," - განაცხადეს ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც კერძო მესაკუთრისთვის, ფართის დათმობის სანაცვლოდ, გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ამორტიზებული შენობის გადაცემის საკითხზე იმსჯელეს.

ოლიმპიური სტანდარების საცურაო აუზში რამდენიმე დახურული აუზი უნდა განთავსდეს.

აუზის პროექტის მომზადებისთვის მერიამ თავდაპირველდ ტენდერი 2 თვის წინ გამოაცხადა. მაშინ შესყიდვის ღირებულება 2000 ლარით იყო განსაზღვრული.
Print