ახალი ამბები
ქუთაისში რუსთაველის ხიდსა და კაფე-ბარ "არგოს" შორის მიწის ნაკვეთს მერია აუქციონზე გაყიდის
FaceBook
ქუთაისში რუსთაველის ხიდსა და კაფე-ბარ "არგოს" შორის არსებული მიწის ნაკვეთი მერიას აუქციონზე გასაყიდად გამოაქვს.

საუბარია 200 კვ.მ ფართზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალშია.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ტერიტორიის აუქციონზე გამოსატანად, თვითმმართველობას კაფე-ბარის მესაკუთრეებმა მიმართეს. ქალაქის მერი, შოთა მურღულია ირწმუნება, რომ "არგოს" მფლობელს მიწის ნაკვეთის მოწესრიგება სურს. მისივე ინფორმაციით, აუქციონი უპირობოა.

"არაფრის გაკეთებას არ გეგმავს, როგორც ინფორმირებული ვარ. სურს მოაწესრიგოს და სათავსო გააკეთოს. რაიმე პირობა რომ ჩაგვედო, იტყოდნენ, რომ მოვარგეთ ვინმე ერთს, ამიტომ არანაირი შეზღუდვა არ გავაკეთეთ. თუ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და შესაბამისი სამსახურების ნებართვას, მივესალმებით," - განაცხადა შოთა მურღულიამ.

საკრებულოს სხდომაზე რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის უპირობოდ აუქციონზე გამოტანა გააპროტესტეს.

"ვყიდით უპირობოდ და თანაც იმიტომ, რომ არგოს მფლობელებმა გააკეთეს განაცხადი,"- განაცხადა საკრებულოში პარტია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა, ამირან ძოწენიძემ.

"არ გავყოდით და ისე მოვუაროთ ხომ შეიძლება," - აღნიშნა საკრებულოს დეპუტატმა, კახი დვალიშვილმა.

ქუთაისში, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე-ბარ "არგოს" მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ერთსართულიანი შენობის მთავარი კონსტრუქცია უკვე დასრულებულია. სხვადასხვა ორნამენტითა და სიმბოლოებითაა მოხატული შიდა კედლები. შენობაში შეტანილია ინვენტარის ნაწილიც. მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობაც მიმდინარეობს.

როგორ გამოიყურება კაფე-ბარ "არგოს" ინტერიერი და ექსტერიერი, ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებულ ფოტორეპორტაჟში.



Print