ახალი ამბები
ქუთაისის მერია 6 მლნ ლარის სესხს იღებს
FaceBook
ქუთაისის მერია ცენტრალური ხელისუფლებიდან 6 მლნ ლარის ოდენობის სესხს იღებს.

ამ საკითხზე მერიას მხარდაჭერა ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე 35-ე სხდომაზე გამოუცხადეს.

ქუთაისის ვიცე-მერის, კოტე ქავთარაძის განმარტებით, სესხი უპროცენტო იქნება და ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.

"ჩვენი საკუთარი შემოსავლებით დასაფინანსებელი პროექტები ჯამში შეადგენს 4 მილიონ ლარს. რომ არ დავაბრკოლოთ შემსრულებლები და მივაწოდოთ თანხა, სწორედ ამიტომ ხდება თანხის სესხად აღება," - აღნიშნა კოტე ქავთარაძემ.

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის არჩევნებისთვის გამიზნული," - განაცხადა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ნატო ქათამაძემ.

მან, ასევე, მოითხოვა თუ რას მოხმარდება ეს თანხა კონკრეტულად.

"ერთი საათი არ გვეყოფა იმდენ პროექტს ვაკეთებთ,"- აღნიშნა ქუთაისის მერმა საკრებულოს დეპუტატის შეკითხვაზე.

შოთა მურღულიამ განმარტა, რომ ყველა მიმიდინარე ინფრასტრუტურული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია დაინტერესებული პირთათვის შესყიდვების ერვონული სააგენტოს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

საკრებულოს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა კი მერიის მიერ სესხის აღება ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვის პრობლემად შეაფასა.

"ეს შეიძლებოდა გაკეთებულიყო გაცილებით უფრო ადრე. უნდა გვეფიქრა, რომ პრობლემა შეიქმნებოდა. ბიუჯეტის დაგეგმვა სხვა არაფერია," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა, ამირან ძოწენიძემ.

ქუთაისის მერიის მიერ აღებული უპროცენტო სესხის გასტუმრების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 29 დეკემბერია. შოთა მურღულია განმარტავს, რომ ამ მისი დაფარვა ადგილობრივ ბიუჯეტში მოსალოდნელი შემოსულობების ხარჯზე მოხდება.

Print