ახალი ამბები
ბურჯანაძე-კუკავას ბლოკი ქუთაისის მერობის ერთიან კანდიდატს დაასახელებს
FaceBook
პოლიტიკური პარტიები "დემოკრატიული მოძრაობა" და "თავისუფალი საქართველო" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიან კანდიდატებს დაასახელებენ.

"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ჩვენთან საუბარში ნინო ბურჯანაძის პარტიასთან გაერთიანებას ადასტურებს. მისივე თქმით, გაერთიანებული გუნდის ქუთაისის მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი თავად იქნება, თუმცა საკითხი 100%-ით გადაწყვეტილი არაა.

"ჯერჯერობით ეს ასეა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სექტემბერში იქნება გაცხადებული. იქნებ ვინმე ჩემზე მეტი გამოცდილების მოვიდეს. ვარსკვლავი ხომ არ ვარ," - აღნიშნა გოგი წულაიამ ჩვენთან საუბარში.

მისივე თქმით, საარჩევნო ბლოკთან შეერთების სურვილი ჯერჯერობით სხვა პარტიებს არ გამოუთქვამთ. თუმცა, წულაია აცხადებს, რომ მათი კარი ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა.

გაერთიანების და ბლოკად ჩამოყალიბების შესახებ არ იციან ნინო ბუჯანაძის პარტიის ქუთაისის ორგანიზაციაში.

"დემოკრატიული მოძრაობის" საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დავით წიტაიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ბლოკის ჩამოყალიბების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და პარტიული სხდომისთვის გამგზავრებას გეგმავს, რომელიც მიმდინარე წლის 24-25 აგვისტოს თბილისში გაიმართება. წიტაიშვილის თქმით, სხდომაზე კანდიდატების ვინაობა გაირკვევა, მათი წარდგენა კი სექტემბერში მოხდება.

საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში ჩატარდება. ზუსტ თარიღს პრეზიდენტი ხვალ, 22 აგვისტოს დაასახელებს.

ამ დროისთვის ქუთაისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანიდატები არც ერთ პარტიას წარუდგენია.


Print