ახალი ამბები
ქუთაისში წერეთლის ქუჩაზე წყლის სისტემის რეაბილიტაცია სექტემბრის დასაწყისში დასრულდება
FaceBook
ქუთაისში წერეთლის ქუჩაზე წყლის სისტემის რეაბილიტაცია ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს. სამუშაოები სექტემბრის დასაწყისში დასრულდება.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცენტრალურ მაგისტრალზე მოსახლეობის დაერთება და ინდივიდუალური გამრიცხველიანება მიმდინარეობს.

„მოსახლეობას წყლის მიწოდებაზე პრობლემა რომ არ შექმნოდა, ამიტომ წყალი ისევ გრაფიკით მიეწოდებათ. სამუშაოების დასასრულებლად საჭიროა მთლიანი სისტემა გადაიკეტოს, რასაც დაახლოებით ერთ კვირაზე მეტი დასჭირდება,“ - განაცხადეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.

ორგანიზაციაში განმარტეს, რომ გზის საფარის დაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება.

ქუთაისში წერეთლის ქუჩაზე წყლის სარეაბილიტაციო სამუშაობის გამო გზა მიმდინარე წლის 5 ივლისს გადაიკეტა. ოფიციალური ინფორმაციით, მოძრაობის აღდგენა 4 აგვისტოს უნდა მომხდარიყო. თუმცა, გზა ამ დრომდე დაკეტილია.

წყლის სარეაბილიტაციო სამუშაობს წყალმომარაგების კომპანიის მიერ დაქირავებული თურქული კომპანია SMK ახორციელებს.

წერეთლის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ერთ თვეზე მეტია ავტობუსები და მიკროავტობუსები შეცვლილი სვლაგეზით გადაადგილდებიან.

Print