ახალი ამბები
ქუთაისის მერიას უცხოელი ბიზნესმენების შევიწროვებაში ადანაშაულებენ
FaceBook
ქუთაისის მერიას უცხოელი ბიზნესმენების შევიწროვებაში ადანაშაულებენ, რომელთაც ქალაქში კომერციული ფართი იჯარით აქვთ აღებული.

მერიის თანამშრომლების მხრიდან შესაძლო მუქარასთან დაკავშირებით ფართის მფლობელმა ბაქარ ჭაჭიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა „გირჩის“ ქუთაისის ოფისში, პარტიის ხელმძღვანელთან, თემურ ცამციშვილთან ერთად.

ბაქარ ჭაჭიაშვილი ადასტურებს, რომ მის კლიენტებს მრავალჯერ მიაკითხეს და ფართის დაცლა მოსთხოვეს.

"12 აგვისტოს დილით, ფალიაშვილის #11-ში, სადაც ჩვენ ფართი გვაქვს გაქირავებული, მოვიდა ორი პიროვნება მერიიდან და ჩემს მოიჯარეებს უთხრა, რომ უნდა დაცალონ ტერიტორია, რეაბილიტაცია უნდა ჩატარდესო. ეს ფაქტი რამდენჯერმე მოხდა, ბოლოს განმეორდა 12-ში. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მხოლოდ ჩემს მოიჯარეებთან მივიდნენ, როდესაც იმავე შენობაში სხვა მაღაზიებიც არის და აფთიაქიც“ - აღნიშნა ფართის მფლობელმა ბაქარ ჭაჭიაშვილმა.

როგორც „გირჩის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხემძღვანელმა თემურ ცამციშვილმა აღნიშნა, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზია, რომელიც უცხოელებზეა გაქირავებული, მერიის ინტერესის წყარო გახდა.

აღნიშნულ ფაქტს მერიაში უარყოფენ. არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი აღნიშნავს, რომ პარტიის მიერ წარმოდგენილ ფოტო/ვიდეო მასალაზე აღბეჭდილი პირები არ არიან ქუთაისის მერიის თანამშრომლები. ბაქარ ჭეიშვილი „გირჩს“ და კერძო მესაკუთრეს მოუწოდებს, დროულად მიმართონ სამართალდამცველებს.


ბაქარ ლიკლიკაძე
Print