ახალი ამბები
შპს "ფარს" ღია კაფის მოსაწყობად ფართი 25-ის ნაცვლად 15 წლიანი იჯარით გადაეცა
FaceBook
ქუთაისის ცენტრალური ბაზრის მმართველ შპს "ფარს" ბაზრის მიმდებარე ტერიტორია 15 წლიანი იჯარით გადაეცა. ოლეგ არღვლიანი, რომელიც ადგილზე ღია კაფის მოწყობას გეგმავს, ქალაქის ხელისუფლებისგან 25 წლიან იჯარას ითხოვდა. თუმცა, ქუთაისის საკრებულომ შპს "ფარს" მოთხოვნილი ვადა 10 წლით შეუმცირა.

ოლეგ არღვლიანი ქუთასიპოსტთან საუბარში მომავალში ვადის გახანგრძლივებას არ გამორიცხავს.

"ალბათ, ასე გადაწყვიტა საკრებულომ. კანონი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მოგვიანებით გავაგრძელოთ ვადა, თუმცა, მანამდე ჩვენც შევხედავთ ვითარებას", - ამბობს ოლეგ არღვლიანი ქუთაისიპოსტთან საუბარში.

შპს "ფარს" ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე 250 კვ.მ ფართის 15 წლიანი იჯარით გადაცემის საკითხი, ქუთაისის საკრებულომ 2017 წლის 11 აგვისტოს 34-ე რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.

ბაზრის მმართველი შპს ადგილზე ერთსართულიან, მსუბუქ კონსტრუქციას ააშენებს და ღია კაფეს გახსნის. ამასთანავე, "გვირაბი 95"-ის ამოსასვლელთან არსებულ ტროტუარზე ადმინისტრაცია პავილიონის გაკეთებას გეგმავს, სადაც, მათი თქმით, ადგილებს გარემოვაჭრეებს შესთავაზებენ.

ოლეგ არღვლიანი ქალაქის მერიისთვის მიწერილ წერილში, სადაც იგი აღნიშნული ფართის იჯარით გადაცემას ითხოვს, წერს, რომ  ამით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გარევაჭრობის პრობლემა მოგვარდება, რადგან გარემოვაჭრეებს დასადგომი ადგილი ფაქტობრივად აღარ ექნებათ. 

წერილის მიხედვით, გარდა ბაზრის წინ არსებული 250 კვ.მ-ისა, შპს "ფარი" ბაზრის მომიჯნავე სამ ქუჩაზე არსებულ ტროტუარებზეც ითხოვს უფლებას, თუმცა, არა იჯარით, არამედ მემორანდუმით. 

ქუთაისიპოსტთან საუბარში არღვლიანი ამბობს, რომ ქალაქის ხელისუფლება მას ფალიაშვილის, ლერმონტოვისა და წმინდა ნინოს ქუჩებზე არსებულ ტროტუარებს სარგებლობაში მემორნადუმით გადასცემს, თუმცა, "ფარი" პირობას დებს, რომ ადგილებს კომერციული მიზნით არ გამოიყენებს. 


ამავე თემაზე:

ქუთაისის ცენტრალურ ბაზართან ღია კაფე აშენდება

Print