ახალი ამბები
პროგრამა „კორპუსს“ სატენდერო ეკონომიების შედეგად დაზოგილი თანხა გამოაკლდა
FaceBook
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის პროგრამა "კორპუსს" სატენდერო ეკონომიებიდან მიღებული თანხა გამოაკლდა. ადგილობრივ ბიუჯეტში ამ გზით დაზოგილი 9 000 ლარი ორ პროგრამაზე გადანაწილდა. კერძოდ, 6 000 ლარი საბავშვო ატრაქციონების მოწყობა-რეაბილიტაციას, ხოლო 3 000 ლარი "თავისუფალი ინიციატივების" პროგრამას მოხმარდება.

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციის ნაწილი, რომლებმაც ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს, მიიჩნევენ, რომ ქალაქის ხელისუფლება ცდილობს ბიუჯეტში ის მიმართულებები გააძლიეროს ფინანსურად, რომლებიც საბოლოოდ ამომრჩევლებზე იმუშავებს.

"დღევანდელი სხდომა არის იმის დასტური, რომ გაკოტრებული ხელისუფლება არის უუნარო. ეს საბიუჯეტო ცვლილებები არის დასტური იმისა, რომ ხელისუფლება ბიუჯეტს გამოიყენებს ამომრჩევლის მოსასყიდად, რადგან, მათ არ აქვთ არც ერთ ცვლიელებაზე არგუმენტი თუ რისთვის ემატება ან აკლდება თანხები", - განაცხადა საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატმა, გია უკლებამ.

მისივე თქმით, ხელისუფლება პროგრამა "კორპუსს" აკლებს თანხას და კონკრეტულ ადამიანებს სადარბაზოების რეაბილიტაციაზე უარს ეუბნება.

სატენდერო ეკონომიებიდან მიღებული თანხების გადანაწილებით უკმაყოფილება გამოთქვა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ნატო ქათამაძემაც. მისი თქმით, თანხები დააკლდა ბაგა-ბაღების რეაბილიტაციასა და გზების მოწესრიგების პროგრამას, რაც დაუშვებელია.

"ქალაქის მერი ყველა კითხვას იღებს პირად შეურაცხყოფად. მას არ აქვს პასუხი არც ერთ საკითხზე და ამით ნიღბავს იმას, რომ ვითომ არაკომპეტენტური ვარ",-განაცხადა ნატო ქათამაძემ სხდომაზე.

ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ და განაცხდა, რომ პროგრამებს ის თანხები, რაც საბიუჯეტო წლის დასაწყისში გამოეყოთ არ დაკლებია, ხოლო მიღებული ეკონომიის სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილება ბიუჯეტში ჩვეულებრივი მოვლენაა.

ქუთაისის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ქალაქის მთავარმა ფინანსურმა დოკუმენტმა 67 812 000 ლარი შეადგინა.

Print