ახალი ამბები
არასამთავრობოებმა ქუთაისის მერს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ფოტოკოლაჟებად წარუდგინეს
FaceBook
წარმოჭრილი საკითხებიდან ქალაქის მერმა მხოლოდ ნაწილს უპასუხა, რადგან, როგორც აღნიშნა, ლექციაზე ეჩაქარებოდა.

ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქალაქის მერს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ქალაქში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ფოტოკოლაჟებად წარუდგინეს.
მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოყრილი ფილები, მერიის შენობასთან უკანონო პარკირება, კორპუსებზე უკანონო მიშენებები, კულტურული ძეგლების ნუსხაში შესული შენობების მოუწესრიგებლობა, გარევაჭრობა ქალაქის ცენტრში, მოუწესრიგებელი სკვერები, ტროტუარებზე განთავსებული ჯიხურები - აღნიშნული პრობლემების ამსახველი 40-მდე სურათი წარუდგინეს ქალქის მერს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.
"აქ ძირითადად ის ადგილებია ნაჩვენები, რომელიც ჩამოსულ ტურისტს თვალში ხვედება და ქალაქზე წარმოდგენას უქმნის. ვფიქრობთ, კარგი იქნებოდა ინფრატსრუქტურის მოგვარება", - განმარტა შეხვედარზე ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ხვიჩა ვაშაყმაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოჭრილი საკითხებიდან ქალაქის მერმა მხოლოდ ნაწილს უპასუხა, რადგან, როგორც აღნიშნა, ლექციაზე ეჩაქარებოდა.
"ჩვენ დაგვხდა მძიმე მემკვიდრეობა და ამიტომ არის ეს საკითხები მოუგვარებელი", - ასე უპასუხა შეხვედრაზე ქალაქის პირველმა პირმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.
მურღულიას განმარტებით, ჯიხურების დადგმა წინა ხელისუფლების დროს მოხდა. თუმცა, აღნიშნა რომ ამით კანონი არ დარღვეულია.
"უბრალოდ, ქალაქს მოექცნენ ცუდად. რაც შეეხება, გარევაჭრობას ამას ვებრძვით, თუმცა მისი აღმოფხვრა შეუძლებელია", - აღნიშნა ქალაქის პირველმა პირმა.

თეკლე მორგოშია
Print