ახალი ამბები
"ეს არ არის ხეების ნორმალური გადაბელვა" - ქუთაისში ხეების გადაბელვას აკრიტიკებენ
FaceBook
ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე, აგრარული ბაზრის წინ გადაბელილი ხეები ადგილობრივების კრიტიკის საგანია.

პროტესტს ამავე ქუჩაზე  არსებული საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა გამოთქვამს. როგორც ისინი ამბობენ, კორპუსის წინ მდებარე ხეები მერიის თანამშრომლებმა არათანაბრად გადაბელეს.

"უშნოდ გადაჭრეს, ზოგი მაღალზეა, ზოგიც დაბალზე, ამის გამო ეს ხეები არათანაბრად გაიზრდება და ისედაც ბოძებივითაა, ეს არ არის ხეების ნორმალური გადაბელვა",  - ამბობს ასათიანის ქუჩაზე მცხოვრები მარიკა კაპანაძე.

ასათიანის ქუჩაზე 10 ძირი ჩინარი ააიპ "სპეციალური სერვისების" თანამშრომლებმა, რამდენიმე დღის წინ,  გადაბელეს.

ქუთაისის მერიის გამწვანების სამსახურში კი აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე ხეების გადაბელვას არანაირი ტექნიკური წუნი არა აქვს.

"ხე არის ინდივიდუალური, ამიტომ ყველა თანაბარი არ იყო და ვერც მოხდებოდა მათი ერთ სიმაღლეზე გადაჭრა," - ამბობს ქუთაისის მერიის გამწვანების განყოფილების უფროსი ნატო ბურჯალიანი. მისივე თქმით, არათანაბრად გადაბელილი ხეები მაშინ გათანაბრდება, როცა მცენარე ტოტებს ამოიყრის.


Print