ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ საქალაქო ტრანსპორტის გადამზიდავი კომპანია დააჯარიმა
FaceBook
გრაფიკის დარღვევის გამო, ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილებამ, N 48 სამარშუტო ხაზის გადამზიდავი კომპანია 100 ლარით დააჯარიმა. აღნიშნული სამარშუტო  ხაზის მიერ სვლა-გეზის დარღვევის შესახებ მერიას  ინფორმაცია ქუთაისიპოსტმა მიაწოდა. 

ქალაქის მერის, შოთა მურღულიას თქმით, N 48-ის მძღოლები მუშაობას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროზე ერთი საათით ადრე ასრულებდნენ.

"დავაჯარიმეთ, რადგან ერთი საათით ადრე ასრულებდნენ მუშაობას. მას უწერია 10-ის ნახევარი, უნდა იმუშაოს ამ დრომდე. მას აქვს კონკურსი მოგებული და უნდა შეასრულოს გრაფიკი", - განაცხადა შოთა მურღულიამ.

N 48-ის გადამზიდავი კომპანია "ნიუ ტრანსპორტის"  ხელმძღვანელი, დავით მატარაძე ადასტურებს, რომ მერიამ დააჯარიმა, თუმცა, არღვევენ თუ არა მისი მიკროავტობუსების მძღოლები მოძრაობის გრაფიკს, ამაზე საუბარი არ სურს.


"დიახ, სწორედ თქვენ მიერ ტრანსპორტის სამსახურთან და მერთან მისვლით  ვცურავთ უკვე ჯარიმებში. ჯერ ერთი, რა თქვენი საქმეა დამაჯარიმეს თუ არა?   რა ვიცი მე ჟურნალისტი ხართ თუ ვინ ხართ? თქვენსავით რომ ყველას ველაპარაკო,  ალბათ,  გავაფრენ",- განაცხადა ჩვენთან საუბრში დავით მატარაძემ.

აღნიშნულ სვლაგეზზე მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლები ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის დასაწყისშიც დააჯარიმა. მაშინ, მძღოლებმა საღამოს 7 საათზე ხაზიდან ყველა მიკროავტობუსი მოხსნეს და ერთ-ერთი მძღოლის შვილის ნათლობაში წავიდნენ.

ჯარიმის და 2017 წლის 7 აპრილიდან მგზავრობის ტარიფის მომატების მიუხედავად, მძღოლების მიერ გრაფიკის დარღვევას სისტემატური ხასიათი აქვს. 

ქუთაისში #48 მიკროავტობუსი წითელი ხიდიდან სულხან-საბას ქუჩის,  ე.წ.  ავანგარდის დასახლების მიმართულებით გადაადგილდება.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიამ ოთხი საქალაქო მიკროავტობუსის მძღოლი დააჯარიმა
Print