ახალი ამბები
ოკუპაციის გასაპროტესტებლად მედიის წარმომადგენლები ქუთაისიდან ენგურის ხიდზე გაემგზავრნენ
FaceBook
მედიისა და სამოქალაქოს საზოგადოების წარმომადგენლები 11 საათისთვის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. ისინი ენგურის ხიდზე დაგეგმილ აქციას შეურთდებიან. 

აქცია რუსეთ-საქართველოს ცხრა წლის თავს ეხება. ისინი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მითვისებას აპროტესტებენ. 

"მე ვიცავ ჩემი სამშობლოს ერთიანობას და ვეუბნები არას ოკუპაციას, რომელიც დღემდე გრძელდება", - ამბობს რადიო "ძველი ქალაქის" პროგრამების დირექტორი, ქეთი ბერძენიშვილი.

თავიდან აქცია გორის რაიონ, სოფელ ყარაფილაში იყო დაგეგმილი, თუმცა, როგორც აქციის მონაწილეებმა განმარტეს დღეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სოხუმში ვიზიტთან დაკავშირებით აქცია ენგურის ხიდზე გადაწყვიტეს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან ცხრა წელი გავიდა. ქვეყნის 20% დღემდე ოკუპირებულია.

2008 წლის შვიდ აგვისტოს ცხინვალში რუსის სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტებსა და ქართულ ჯარს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.
ომში რუსეთი ოფიციალურად რვა აგვისტოს ჩერთო, რომელმაც რეგიონში საკუთარი ჯარის ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. მან საქართველოს სხვადასხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო.

რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო, 14 პოლიციელი და სამი ჟურნალისტი. საკუთარი სახლები დატოვება კი 150 000 ადამიანს მოუხდა.

დღემდე გრძელდება მცოცავი ანექსია, გაფართოებულია საოკუპაციო საზღვარი, ათი ათასობით დევნილი მოსახლეობას საკუთარ სახლებში დაბრუნება ისევ არ შეუძლია, გრძელდება დაკავებები და მკველობა ე.წ. საზღვართან.
Print