ახალი ამბები
„სასტუმროზეც რომ იყოს საუბარი, პრობლემას ვერ ვხედავ“ - შოთა მურღულია ბიბლიოთეკის შენობაზე
FaceBook
ქუთაისის  საჯარო ბიბლიოთეკისთვის, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით არამდგრადია, ალტერნატიული ადგილი შერჩეული ამ დრომდე არ არის.
ქალაქის მერის, შოთა მურღულიას თქმით,  ბიბლიოთეკისთვის რამდენიმე ადგილი განიხილებოდა და კვლავ გრძელდება ამ საკითხზე მსჯელობა.

"სამხარაულს ვთხოვეთ, რომ ექსპერტიზა დაედო მის მდგრადობასთან დაკავშირებით. იქ არ წერია, რომ ინგრევა, მაგრამ ეკონომიკურად არ არის გამართლებული მისი რეაბილიტაცია. ეს არის ის, რაც თითმმართველობას აჩერებს, რომ ფული დახარჯოს. ვმსჯელობთ, სად შეიძლება განთავსდეს. გვერდზე შენობაზე იყო საუბარი, ვეძებთ სხვა ადგილებსაც", - განაცხადა შოთა მურღულიამ 4 წლიანი მუშაობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება, გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბიბლიოთეკის შენობაში სასტუმროს გახსნა იგეგმება, შოთა მურღულია ამბობს, რომ ამის შესახებ არ სმენია, თუმცა, ასეც, რომ იყოს, პრობლემას ვერ ხედავს.

"სასტუმროც რომ იყოს, მე პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ საერთოდ არ არის ამაზე საუბარი. ორგანიზაცია ფუნქციონირებს და არავინ  არაფერს არ აპირებს იქ. ისე კი სასტუმრო ცუდი სიტყვა არაა, ძალიან კარგი სიტყვაა, ბევრ ადამიანს ასაქმებს და ეკონომიკის განვითარებას უწყებს ხელს", - განაცხადა შოთა მურღულიამ.


ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის შენობისთვის,  გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას ქუთაისის მერია 2015 წლის გაზაფხულიდან გეგმავდა, რისთვისაც მსოფლიო ბანკისგან სესხის სახით 1 821 790 ლარის მიღება დაანონსდა, თუმცა, მოგვიანებით ადგილობრივ თვითმმართველობაში განაცხადეს, რომ სამხარაულის დასკვნის გამო რეაბილიტაციის საკითხი შეჩერდა, შესაბამისად, ქალაქს არც თანხა  მიუღია.  

ქალაქის მერმა 4 წლიანი მუშაობა მედიასთან შეაჯამა. იგი ანგარიშის ჩაბარებას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვისაც აპირებს.







Print