ახალი ამბები
დაყადაღებული ქონება ინლაინ მაღაზიაში გაიყიდება
FaceBook
აღსრულების ეროვნული ბიურო დაყადაღებული ქონების მიყიდვის ახალ ფორმას სთავაზობს.

ბიუროს სერვისი ახლახანს შექმნილ ელექტრონულ მაღაზიას გულისხმობს, სადაც დაინტერესებულ მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად შეეძლებათ ქონების შეძენა.

როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში "ქუთაისიპოსტს" განუმარტეს ელექტრონული მაღაზია www.eshop.nbe.gov.ge ქონების რეალიზაციის ალტერნატიული გზაა.

"ვებ-გვერდზე განთავსებული იქნება სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დაყადაღებული ქონება საბაზრო ღირებულების 80 პროცენტად. ეს საიტი ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საშუალებას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად, მისთვის კომფორტულ გარემოში, შეიძინოს სასურველი ქონება", - განმარტავენ აღსრულების ბიუროში.

მათივე ინფორმაციით, მითითებულ ონლაინ-მისამართზე, ქონების შესაძენად, საჭიროა, მომხმარებლის რეგისტრაცია/ავტორიზაცია, რომლის შემდეგაც მას სასურველი ნივთის ღირებულების გადახდა უნაღდო ანგარიშსწორებით შეუძლია. 

ელექტრონული მაღაზიის მომსახურება აუმჯობესებს ქონების სარგებლიანად რეალიზაციის შესაძლებლობას, ასევე ამცირებს სააღსრულებო წარმოების პროცესში არსებულ პროცედურებსა და ვადებს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი სერვისით, სააღსრულებო პროცესის მხარეებს ასევე უფლება ეძლევათ, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ქონების პირდაპირი რეალიზაცია მოახდინონ.

"ელექტრონულ მაღაზიაში დაყადაღებული ნივთის სარეალიზაციოდ გამოტანამდე ხდება შესაბამის ვებ გვერდზე მისი წინასწარი განთავსება 5-8 დღის განმავლობაში. ამ პერიოდში, შეძენის მსურველს, შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს ნივთი," - აცხადებენ ბიუროს წარმომადგენლები.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, იოსებ ბაღათურიას თქმით, ელექტრონული მაღაზია, ქონების უფრო სარგებლიანად გაყიდვის საშუალებას იძლევა იძულებით აუქციონამდე.

თუმცა თუ ელ-მაღაზიაში არ მოხდება ნივთების მისი რეალიზაცია, სააღსრულებო წარმოება გაგრძელდება და ქონების აუქციონზე რეალიზაცია მოხდება.

"თუმცა, ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, რაც ელექტრონული მაღაზია შეიქმნა, უკვე ათეულობით ნივთია განთავსებული. ვფიქრობთ, ასე გაუმჯობესდება ქონების სარგებლიანად რეალიზაცია და სააღსრულებო წარმოების პროცესი აღარ იქნება დროში გაწელილი"- აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

მათივე ცნობით, დაყადაღებული ქონების აუქციონზე გაყიდვის წესი ელ- მაღაზიისგან განსხვავებით რთულ პროცედურებთანაა დაკავშირებული, რადგან რამდენიმე აუქციონის ფარგლებში, შესაძლებელია ნივთი, მის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, დაბალ ფასში გაიყიდოს.



Print