ახალი ამბები
მოტოციკლების ფარების შუქზე ჩატარებული კონცერტი ქუთაისში(ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, რეაბილიტირებულ უბანში "ოჩოს ქოხის" კონცერტმა, რომელიც ღია ცის ქვეშ გაიმართა, მოტოციკლების შუქის ფონზე ჩაიარა.

კონცერტი 20:00 საათზე დაიწყო და 22:00 საათამდე გაგრძელდა. 

სცენაზე განათება დამონტაჟებული არ იყო, რის გამოც, მას თავად მოტოციკლების მფლობელები, კონცერტის მიმდინარეობისას პერიოდულად ანათებდნენ.

კონცერტის ჩასატარებლად საკმარისი არც ქუჩის განათება აღმოჩნდა. 

"ისედაც ძლივს ბჟუტავს ლამპიონები, როგორ ეყოფოდა მათი შუქი სცენას? ფაქტობრივად სიბნელეში მიმდინარეობდა კონცერტი. მერე ბიჭები იყვნენ იქ მოტოციკლებით და მათ მიანათეს სცენას შუქი",-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მუსიკალური ჯგუფის "ოჩოს ქოხის" კონცერტი ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში 3 აგვისტოს გაიმართა.



კონცერტი ქუთაისის მერიის მიერ ორგანიზებული "ზაფხულის საღამოების" ფარგლებში ჩატარდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 000 ლარია გამოყოფილი.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ "ოჩოს ქოხის" კონცერტი დათქმულზე უფრო დიდხანს გაგრძელდა.

" ღონისძიება გათვლილი იყო, რომ დღის სინათლეზე დასრულებულიყო. რვა საათზე დაიწყო და უნდა დასრულებულიყო 1 საათსა და 20 წუთში, თუმცა კონცერტმა დათქმულ დროს 40 წუთით გადააჭარბა" - ამბობს ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგნელი, ელეონორა გოგოლაშვილი.
მისივე თქმით, მუსიკოსებმა კონცერტი მსმენელის მოთხოვნით გაახანგრძლივეს.

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ინფორმაციით, "ოჩოს ქოხის" კონცერტის ორგანიზებითვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 500 ლარი დაიხარჯა. აქედან 3 700 ლარი "ოჩოს ქოხის" მუსიკოსებს ჰონორარის სახით გადაეცა, ხოლო 800 ლარი კონცერტისთვის საჭირო აღჭურვილობისთვის დაიხარჯა.
Print