ახალი ამბები
"ბავშვებს ვერ ვუშვებთ გარეთ" - ხუნდაძის ქუჩის პროტესტი
FaceBook
ქუთაისში, ხუნდაძის ქუჩის მოსახლეობა მათი კორპუსების მიმდებარედ გამავალი წყლის მილების ახალ ქსელზე გადართვას ითხოვს.
ადგილობრივთა თქმით, ქუჩაზე ძველი, დაზიანებული მილიდან წყალი იღვრება, რის გამოც, მიმდებარე ტერიტორია იტბორება.

გარდა ამისა, მათივე განმარტებით, კორპუსების წინ მიმდებარე გზის ფილებით მოპირკეთება სურთ, რასაც ქუჩაზე წყალქცევის გამო ვერ ახერხებენ.

ადგილობრივები "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან" დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ.

"უსასრულო ლოდინის რეჟიმში ვართ. უკვე აღარ ვიცით ვის მივმართოთ. გზის რეაბილიტაციის სამუშაოებიც ფერხდება ამის გამო, ფიზიკურად ვერ შემოდიან ქუჩაში. მთელი ზაფხულია ასე ხდება, ბავშვებს ვერ ვუშვებთ გარეთ. მოვთხოვნთ წყალკანალმა რაც შეიძლება მალე გადაიყვანოს ჩვენი ქუჩა ახალ ქსელზე", - ამბობს ხუნდაძის ქუჩის მცხოვრები, ნათია კვაჭიანი.

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვისცენტრში ამბობენ, რომ ხუნდაძის ქუჩაზე წყლის მილები თაბუკაშვილის ქუჩის მთავარ მონაკვეთს უნდა შეუერთდეს, რაც დროსთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ახალ ქსელზე გადართვას დაახლოებით ორი თვე დასჭირდება.

"ხუნდაძის და მიმდებარე ქუჩებიდან ჩამოდის მილი, რომლის დარგოლებაც უნდა მოხდეს თაბუკაშვილზე. წესით აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ რიგი მიზეზების გამო შეფერხდა. სექტემბრის ბოლოს გვპირდებიან დასრულებას. მარტო ხუნდაძე არ არის, მთელი კვარტალებია იქ. ასეთი მოცულობის თანხა არ დახარჯულა ქუთაისში და უნდა მოვითმინოთ", - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვისცენტრის ხელმძღვანელი, ირაკლი ტურძელაძე.

ქუთაისში წყლის მილების რეაბილიტაციას კომპანია smk ახორციელებს, რომელმაც სამუშაოების დაბალი ტემპის გამო  "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან" შენიშვნა რამდენჯერმე მიიღო. კომპანიის ადგილობრივ წარმომადგენლობაში კი სამჯერ შეიცვალა ხელმძღვანელობა, რის შემდეგაც smk-მ ტემპის დაჩქარების მიზნით ქვეკონტრაქტორად რამდენიმე ქართული კომპანია აიყვანა.


Print