ახალი ამბები
ადგილი, რომელიც, სავარაუდოდ, მაღალჩინოსნების დაპირისპირების მიზეზი გახდა
FaceBook
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, საგრენაჟო ქარხნის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობით "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები არიან დაინტერესებული და ამ მიზნით, ისინი რამდენიმე კვირის წინ, ადგილზე იმყოფებოდნენ.

მათთან ერთად ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატეც იყო, თუმცა, ჩვენთან საუბარში ამ ინფორმაციას არც ერთი მხარე ადასტურებს.

ქუთაისში თამარ მეფის ქუჩის #9-ში მდებარე ყოფილი საგრენაჟო ქარხნის შენობა-ნაგებობები, მიწის ნაკვეთთან ერთად, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეკუთვნის.

6 234 კვ.მეტრი ფართობის ტერიტორიაზე 12 შენობა დგას, რომელთა უმრავლესობა ამორტიზებულია. ძირითად ნაგებობაში კი ამ დროისთვის თვითნებურად შესახლებული სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ. მათ საცხოვრებელ ოთახებში ელექტროენერგია და წყალი არ აქვთ. სოციალურად დაუცველებმა ქუთაისის მერიას ბინებით დაკმაყოფილების მოთხოვნით მიმართეს.



ქუთაისის საგრენაჟო ქარხანა 1938 წელს დაარსდა. ის თავიდანვე 8 800 კვ. მეტრი მიწის ფართობზე იყო განთავსებული. გრენის ანუ აბრეშუმის პარკის გაცოცხლება პირველად საბჭოთა კავშირში ქუთაისში დაიწო.

ქუთაისის საგრენაჟო ქარხანა "საქართველოს აბრეშუმის გაერთიანებაში" შედიოდა. მის შემადგენლობაში იყვნენ, ასევე, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში არსებული პარკსაშრობი პუნქტები. ქუთაისის საგრენაჟო ქარხანასა და მთლიანად იმერეთის რეგიონში არსებულ პარკსაშრობებში 200-მდე ადამიანი მუშაობდა.

1996 წელს ქარხანამ იურიდიული სტატუსი შეიცვალა და სააქციო საზოგადოება "საქართველოს აბრეშუმად" ჩამოყალიბდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქარხანაში საწარმოო პროცესი თანდათანობით მოიშალა. ამ პერიოდში საწარმოს იმ ნაწილში, რომელიც თამარ მეფის ქუჩაზე გამოდის, სხვადასხვა დროს კაფე-ბარი, კომერციული მაღაზია და ყვავილების სალონი ფუნქციონირებდა.

2004 წლისთვის საწარმოს დავალიანება, საურავებისა და კრედიტორების დავალიანების ჩათვლით, 1 200 000 ლარს შეადგენდა. 2005 წელს, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს განჩინებით, საწარმოში გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყო და გაკოტრების მმართველი დაინიშნა.

2007 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით, გაკოტრების საქმის წარმოება გაურკვეველი მიზეზის გამო შეწყდა.

2009 წელს ქვეყნის მასშტაბით "საქართველოს აბრეშუმის გაერთიანებაში" შემავალი ქონება დაყადაღდა. ამ პერიოდიდან საწარმო სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს.

ქარხნის გაყიდვა ყოფილი წინა ხელისუფლების დროს სურდათ. იმ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მისი შეძენით ყაზახი ინვესტორები იყვნენ დაინტერესებული. თუმცა, მოლაპარაკებები მაშინდელ ხელისუფლებასთან არ შედგა.



Print