ახალი ამბები
მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხი და დაზიანებული ავტომობილები ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, პ. იაშვილის ქუჩაზე განთავსებული მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხის გამო, ბოლო ერთი კვირის მანძილზე 4 ავტომობილი დაზიანდა.



"რატომ ამოთხარეს გზა არ ვიცით, ალბათ, დაზიანებული იყო ქსელი. თუმცა, როგორც ამოჭრეს გზის ნაწლი იგივე მდგომარეობაშია დატოვებული. სანიაღვრე არხს მაღლიდან რკინის ცხაური აქვს დაფარებული, რაც არ ფარავს ორმოს და შიგნით მანქანები ვარდებიან. მოძრაობა განსაკუთრებით მაშინ რთულდება, როცა ორი მანქანა ერთად გადადგილდება, ერთ-ერთი აუცილებლად ვარდება და საბურავები უსკდებათ ორმოში," - ამბობს იაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ლევან სვანაძე.

"ამ ქუჩაზე შემთხვევით მოვხვდი. იმდენად გვიან შევნიშნე დაზიანება, რომ ვერ დავამუხრუჭე და ისე ჩავარტყი ორმოში, მეგონა მანქანას ძირი გასძვრა. ვისაც ამის აღდგენა ევალება, ხომ უნდა იფიქროს მძღოლების უსაფრთხოებაზე", - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული მძღოლი.

იაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები ქუჩაზე არსებული პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვენ. "მოგვაქციონ ყურადღება და მოაწესრიგონ სანიაღვრე ქსელი," - აცხადებენ იაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები.

სანიაღვრე ქსელის მოწესრიგება ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ააიპ "სპეციალურ სერვისებს" ევალება.

ორგანიზაციაში  განმარტავენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი სამუშაოები მათ არ განუხორციელებიათ, ამიტომ არც სანიაღვრე ქსელის დაზიანების მიზეზი იციან, თუმცა საკითხით დაინტერესდებიან და პრობლემასაც მოაგვარებენ.


Print