ახალი ამბები
სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება ტენდერის გზით შესყიდულ კილომეტრაჟებზე
FaceBook
ააიპ ქუთაისის სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანებამ ქუთაისიპოსტის მიერ მიმდინარე წლის 19 ივლისს გაგზავნილ წერილს, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, 28 ივლისს უპასუხა.

ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული ტენდერებიდან ირკვევა, რომ გასული წლის ბოლოს 20 000 და 30 000 ლარის ღირებულების შესყიდვა მიკროავტობუსის და ავტობუსის მოსახურებისთვის გამოცხადდა. ის ავტობუსისთვის 18 867 კმ-ის, ხოლო მიკროავტობუსისთვის 27 397კმ-ის შესყიდვას ითვალისწინებდა. ტრანსპორტს სპორტის სხვადასხვა სახეობებში ქალაქის ნაკრები გუნდებისთვის მომსახურება მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე ეტაპობრივად უნდა გაეწია.

თუმცა, ორგანიზაციამ 27 397კმ-ის შესყიდვაზე ტენდერი მეორედ, მიმდინარე წლის 8 ივნისს გამოაცხადა.

ქუთაისიპოსტი დაინტერესდა თუ სად და როდის განახორციელა ტრასნპორტმა მომსახურება და შესაბამისად, რამდენი კილომეტრი გაიხარჯა სულ 6 თვის განმავლობაში.

ააიპ დაწესებულების წერილობით პასუხში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან 1 ივნისადმე მიკროავტობუსმა მხოლოდ 27 097 კმ-ი აითვისა, რის გამოც, 8 ივნისს, იგივე პირობებით, 27 397 კმ-ის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადეს. ამჯერად, მიკროავტობუსის მომსახურების ვადები 22 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა.

რაც შეეხება, ავტობუსის მიერ გაწეულ მომსახურებას, ააიპ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მან ამ დროისთვის 18 867-დან მხოლოდ 5 645 კმ აითვისა, რაზეც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 8 975,55 გადაუხადეს.

"ჯამში 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე, სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ აითვისა 32 742 კმ. მიკროავტობუსით და ავტობუსით," - აღნიშნულია გაერთიანებიდან მიღებულ წერილობით პასუხში.

ამავე თემაზე: 

გავლილი ოთხი ათეული ათასი და დამატებით შესყიდული კილომეტრები სპორტსმენებისთვის

Print
თეგები: #სპორტი #ააიპ