ახალი ამბები
ვასილ კიკვიძის ძეგლი, შესაძლოა, რუსთაველის ძეგლმა ჩაანაცვლოს
FaceBook
ქუთაისის მერიის საკონკურსო კომისიამ, შოთა რუსთაველის ძეგლის ესკიზზე გამოცხადებულ კონკურსში, სამი ნიმუში შეარჩია.
კომისიის წევრის და იდეის ავტორის, გია ქობალიანის თქმით, შერჩეული ესკიზების ავტორებმა,  ნიმუშები თიხაში, მინიატურული ფორმით  უნდა გამოძერწონ.
ეს მოთხოვნა ავტორებს, კომისიამ, ესკიზის ვიზუალური ეფექტის უკეთ წარმოჩენის მიზნით წაუყენა.

"სურათზე მხოლოდ წინა მხარე ჩანს, თიხაში რომ გააკეთებენ, უკეთ იქნება შესაძლებელი მისი აღქმა, როგორც ძეგლის. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ მას შემდეგ შევარჩევთ საუკეთესოს, რაც თიხაში გაკეთებულს ვნახავთ", - ამბობს გია ქობალიანი.

მისივე თქმით, ესკიზები ავტორებმა თიხაში მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე უნდა დაამუშაონ.

რაც შეეხება, ძეგლის განთავსების ადგილს, მისივე თქმით, ის, სავარაუდოდ, გამარჯვების მოედანზე, ვასილ კიკვიძის ძეგლის ადგილზე განთავსდება.

"ჩვენ ვართ უკვე ჩამოყალიბებული ტერიტორიაზე და სავარუდოდ, კიკვიძის ძეგლის ადგილზე განთავსდება, თუმცა, ეს საბოლოოდ უნდა დამტკიცდეს გამარჯვებული ესკიზის ავტორთან და არქიტეტორთან შეთანხმებით. კიკვიძის ძეგლს, ალბათ, მოუწევს აღება. ჩვენ ხომ ვაპირებთ, რომ შევქმნათ ოკუპაციის მუზეუმი და იქ განთავსდება. ეს ჩვენი ისტორიაა და მისი გადაგდება არ შეიძლება", - ამბობს გია ქობალიანი.

შოთა რუსთაველის ძეგლი ბრინჯაოში უნდა ჩამოისხას.

ქუთაისის მერიამ ესკიზზე კონკურსი მიმდინარე წლის 31 იანვარს გამოაცხადა.

კომისიამ მუშაობის პროცესში, 6 ავტორის მიერ წარმოდგენილი ექვსივე ესკიზი დაიწუნა და კონკურსის ვადა გაახანგრძლივა.

საბოლოოდ, რუსთაველის ძეგლისთვის სამი ესკიზია შერჩეული, რომელთაგან გამარჯვებულს კომისია სექტემბრის ბოლოს დაასახელებს.

Print