ახალი ამბები
ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე, სკვერში, საბავშვო ატრაქციონის მოწყობას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში, ავტოსერვისი შპს "ალეკო მოტორსის" დამფუძნებელი ნიკეას ქუჩაზე არსებულ სკვერში საბავშვო ატრაქციონების მოწყობას ითხოვს. სათამაშო მანქანებზე კი,  საკუთარი კომპანიის ლოგოს განთავსებას გეგმავს.

1516 კვ.მ ფართის ტერიტორია, სადაც ალიმი გოდუაძეს ბავშვებისთვის გასართობი ადგილის მოწყობა უნდა, ქალაქის საკუთრებაა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით კი, მას სკვერის სტატუსი აქვს (რეგისტრაციის #N 892012106681).

"ალეკო მოტორსის" დამფუძნებელი ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ მას ამ ადგილზე ბავშვებისთვის ე.წ. საავტომობილი ტრასის მოწყობა სურს, რომელზეც საკუთარი ხელით აგებული საბავშვო ავტომობილი იმოძრავებს. ის ირწმუნება, რომ ატრაქციონი ბავშვებისთვის უფასო იქნება.

"ხალხისთვის ვაკეთებ ამას და არა ჩემი ჯიბისთვის. არც ერთი თეთრი არ მინდა ჩემთვის. მინდა, რომ ეს ადგილი გალამაზდეს, ხეები არ მოიჭრება. პირიქით, ჩემი სურვილია, რომ ავტომობილმა ბუნებაში იმოძრაოს. საბავშვო ავტომობილებს ჩემი კომპანიის ლოგოს გავუკეთებ და ერთი ლამაზი ადგილი შეემატება ქალაქს," - ამბობს ალიმი გოდუაძე.

ის, ასევე ირწმუნება, რომ ტერიტორიის იჯარით გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქის საკრებულოს იურიდიულ კომისიას მიმართა.

საკანონმდებლო ორგანოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, კახი დვალიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ალიმი გოდუაძემ მასთან კონსულტაციისთვის ერთი თვის წინ იმყოფებოდა.

"რჩევის საკითხად მოვიდა, როგორ მოვიქცეო. ვურჩიე, სკვერის გაიჯარებას საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილება ჭირდებოდა. მას შემდეგ არ გამოჩენილა," - ამბობს კახი დვალიშვილი.

ქუთაისის მერი, შოთა მურღულია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ნიკეას ქუჩაზე საბავშვო ატრაქციონის მოწყობის საკითხი შესასწავლია და რადგან საქმე ბავშვებს ეხება, გასარკვევია რამდენად უსაფრთხო იქნება გზის ამ ნაწილში პატარებისთვის გასართობი ადგილის გაკეთება.

ავტოსერვისი შპს "ალეკო მოტორსის" დამფუძნებელი ირწმუნება, რომ ნიკეას ქუჩაზე საბავშვო ატრაქციონები მიმდინარე წლის 28 აგვისტოს უნდა ამოქმედდეს.

Print