ახალი ამბები
გაზის ტარიფის მომატების გამო ქუთაისში აქციებს აანონსებენ
FaceBook
ქუთაისში გაზის ტარიფის ზრდას აპროტესტებენ და ბუნებრივ აირზე ფასის შეცვლის მოთხოვნით მოსახლეობას მასშტაბური აქციებისკენ მოუწოდებენ.

აღნიშნული მოწოდებით, "პარტია თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები გამოდიან. პარტიის ხელმძღვანელი, გოგი წულაია  განცხადებით, აქციების დაანონსებასთან ერთად, ხელმოწერების შეგროვებასაც დაიწყებენ.

"რეგიონებზე ზეწოლაა, რადგან გაზზე ხალხს იმაზე მეტს ახდევინებენ ტარიფს, ვიდრე დედაქალაქში. ეს არის ცენტრალიზებული ხელისუფლების ქმედება, რომელსაც რეგიონები უნდათ მხოლოდ საწველად, სხვანაირად მათ რეგიონები არ ახსოვთ, ამიტომ ეს ფაქტი ყველამ ერთად უნდა გავაპროტესტოთ, ვთხოვთ ჩემს თანაქლაქელებს, რომ პარასკევს მერიასთან აქციაზე მოვიდნენ," - აცხადებს  გოგი წულაია.

იმერეთში რეგისტრირებული 133 600 აბონენტი გაძვირებული გაზის ტარიფს 20 ივლისიდან იხდის. სემეკის ინფორმაციით, რეგიონებში ბუნებრივი აირის ტარიფი 2 თეთრამდე გაიზარდა.

რეგიონებში "სოკარ ჯორჯია გაზის" 41 ტარიფი მოქმედებს, ხოლო "საქორ გაზს" 11 ტარიფი აქვს, შესაბამისად, აბონენტებისთვის სხვადასხვა რაიონში განსხვავებული ტარიფი იმოქმედებს.

"იმერეთში სოკარ ჯორჯია გაზის" შემთხვევაში ტარიფი 56. 94 იქნება, ხოლო "საქორ გაზის" აბონენტები 57.01 თეთრს გადაიხდიან", - განუცხადეს ქუთაისიპოსტს სემეკში.

ახალი ტარიფები ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ გაზის მიმწოდებელი კომპანიების მოთხოვნის შესაბამისად დაადგინა.

ჯამში, საქართველოს მასშტაბით, ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე გადასახადი 7-დან 11 თეთრამდე გაიზარდა.

შეცვლილი ტარიფები 2018 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

Print