ახალი ამბები
უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ 90 დღიან ვადაში 55 ათასიდან 3 ათასი ადამიანი არ დაბრუნებულა
FaceBook
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 2017 წლის 28 მარტიდან 55 ათასმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა.

აქედან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 90 დღის ვადაში საქართველოში ამ ეტაპზე 3 ათასი არ დაბრუნებულა.

შალვა ხუციშვილის განცხადებით, ის პირები, რომლებიც ქვეყანაში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან, სამინისტროს იდენტიფიცირებული ჰყავს.

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ აღნიშნულმა 3 ათასმა ადამიანმა ევროკავშირთან არსებული 90-დღიანი უვიზო რეჟიმი დაარღვია, ვინაიდან, შესაძლებელია, ამ მოქალაქეების ნაწილი ისეთ ქვეყანაში გადავიდა, რომელთანაც საქართველოს, ასევე, უვიზო რეჟიმი აქვს.

"შეიძლება მათგან ზოგი უკრაინაში გადავიდა, ზოგი - ბელორუსში, ზოგი - თურქეთში. ცალსახად მათზე ვერ ვიტყვით, რომ 90-დღიანი უვიზო რეჟიმის დამრღვევები არიან, მაგრამ ჩვენ ეს ხალხი ჩასმული გვყავს პოტენციურ რისკ ჯგუფში და ვუწევთ მონიტორინგს, რომელი რეგიონებიდან წავიდნენ, ვინ არიან, რა კავშირები აქვთ, პოტენციურად რა შეიძლება აინტერესებდეთ და ა.შ. ძირითადად, დიდი რისკები ჯერჯერობით არ გვქონია, ვინაიდან დიდი მასა, რაც გადის ქვეყნიდან, უკან ბრუნდება. იმ ქვეყნებიდანაც, სადაც საქართველოს მოქალაქეები ჩადიან, ჯერჯერობით სიგნალები არ გვაქვს", - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

მისივე განცხადებით, სამინისტროს გამართული სისტემა აქვს და უვიზო რეჟიმის დამრღვევების საკითხზე აქტიურად მუშაობს. შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ სამინისტროში მიმდინარეობს შეთანხმების გადასინჯვა ევროკავშირის საზღვრის დაცვის სამსახურთან, "ფრონტექსთან", რომელთანაც, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის გაცვლა უფრო აქტიურად მოხდება.

შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 50 ათასიდან 160 შემთხვევა იყო, როდესაც მესაზღვრეების გაფრთხილების მიუხედავად მოქალაქეებმა მაინც გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი, თუმცა ისინი ევროპელმა მესაზღვრეებმა უკან გამოაბრუნეს.

"მოქალაქეებმა არ დაუჯერეს მესაზღვრეებს, ჯიუტად გააგრძელეს გზა ევროპისკენ და ჯიუტადვე გამოაბრუნეს უკან ევროპელმა მესაზღვრეებმა", - განაცხადა ხუციშვილმა.





Print