ახალი ამბები
„ჩვენი ძირითადი პოსტულატია ძლიერი თვითმმართველობა “ - დისკუსია ქუთაისში
FaceBook
ორდონიანი თვითმმართველობა, ნარკოპოლიტიკა, დასაქმების პრობლემა ახალგაზრდებში - აღნიშნულ საკითხებზე ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო განხილვა გაიმართა.

ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია "ლიბერალური ხაზის", "შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის"  და რესპუბლიკური პარტიის ერთობლივი პროექტის ნაწილი გახლდათ.

დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ხედვები გააცნეს მომხსენებლებმა: კოკა კიღურაძემ (ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში), ხათუნა სამნიძემ (რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე), თამარ კორძაიამ (რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი), დავით ბერძენიშვილმა (რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი), მიხა ჩემიამ (რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი).

"ჩვენი ძირითადი პოსტულატი არის ძლიერი თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, თუ როგორი ხედვა აქვთ მოქალაქეებს. ველოდებით მოქალაქეთა მოსაზრებებს, კომენტარებს, შენიშვნებს. არ გვსურს ჩვენი მოსაზრებები მოვახვიოთ თავს. იმიტომ, რომ გვინდა მათ სამსახურში ვიყოთ", -აღნიშნა თამარ კორძაიამ.

შეხვედრაზე ისაუბრეს თვითმმართველობის იმ გამოცდილებაზე, რომელიც საქართველოში დაგროვდა დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე. მომხსენებლების აზრით, ტერიტორიული მოწყობა, რომელიც საქართველოში არსებობს ხელს უშლის ნებისმიერ სისტემას - ეკონომიკურს, პოლიტიკურს. და ა.შ.

"ხელისუფლების მხრიდან მიდის საკითხის აპელირება, რომ დეცენტრალიზაცია არის ფინანსების, ქონების, უფლებამოსილების გადაცემა და რომ ის ამას აკეთებს, თუმცა დეკრალირებულ დონეზე, იმიტომ რომ მათ არც ქონება გადაცემია, არც ფული და არც სხვა სიკეთე. მაგრამ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ რაც უნდა გადასცეს, ფინანსები და კომპეტენციები, გააჩნია ვინ არის მიმღები. თუკი მიმღები არის მსხვილი მუნიციპალური გაერთიანება - ქალაქი და მის გარშემო 50 ან 70 სოფელი,  რომლებიც ერთობლივად ახორციელებენ თვითმმართველობას, ეს არ არის თვითმმართველობა", - აღნიშნა კოკა კიღურაძემ.

მომხსენებლების აზრით, ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხი თუ არ გადაწყდება, აზრი ეკარგება ფინანსებისა და ქონების გადაცემას, იმიტომ, რომ ეს ისევ ცენტრალიზების ინტერესებს მოემსაურება.

შეხვედრაზე წარმოადგინეს პოლიტიკური ხედვები, რომელიც ახალგაზრდული მიმართულებით არსებულ პრობლემებს ეხებოდა. ასევე, ისაუბრეს დასაქმებაზე, სტაჟირების რეგულირების საკითხზე და ნარკოპოლიტიკაზე, რომელიც რეპრესიულ პოლიტიკად შეფასდა. პოლიტიკა, რომელიც მიმართულია არა პრევენციაზე, არამედ დასჯაზე.

რესპუბლიკურმა პარტიამ მსგავსი შეხვედრა ქუთაისში მეოთხედ გამართა.

Print