ახალი ამბები
ახალი ტერმინალის დამატების შემდეგ ქუთაისის აეროპორტიდან ერთდროულად 6 რეისი შესრულდება
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

ახალი ტერმინალი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ერთდროულად 6 რეისის მომსახურების შესაძლებლობას მისცემს.

"ტერმინალის გაფართოების პროექტი, რკინიგზის ახალ პროექტთან კომბინაციაში, რომელიც აეროპორტის ჭიშკრის წინ სარკინიგზო ბაქნის მშენებლობას ითვალისწინებს, ქუთაისის აეროპორტს მისცემს საშუალებას, გაცილებით უფრო კომფორტულად და უფრო მეტ მგზავრს მოემსახუროს," - განაცხადა კვირკაშვილმა.

მისივე თქმით, წლის დასაწყისიდან, მგზავრთა ნაკადი 92%-ით არის გაზრდილი, რაც ერთი მხრივ - ვიზალიბერალიზაციის, ხოლო, მეორეს მხრივ ტურიზმის მიმართულებით ძალისხმევის მნიშვნელოვანი შედეგია.

მიმდინარე წლის 4 აპრილს პრემიერმა, ასევე დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რკინიგზის სადგურის მშენებლობის შესახებ დააანონსა. კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ ზუსტად ერთ წელიწადში სამგზავრო მატარებელი აეროპორტის წინ გაჩერდებოდა.

"ქუთაისის აეროპორტი, ამ სადგურთან ერთად, გახდება ის უმნიშვნელოვანესი ცენტრი, სადაც ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც მოინდომებს, რომ ხელმისწავდომ ფასებში იმოგზაუროს ევროპაში, დღეს უკვე უვიზოდ, ისინი ისარგებლებენ თანამედროვე კომფორტაბელური მატარებლებით. ქუთაისი გახდება ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი საქართველოს სივრცითი განვითარების. მინდა ჩავრთო ღილაკი, რომლითაც ჩაირთვება მრიცხველი და მაქსიმუმ ერთ წელიწადში ეს სარკინიგზო ბაქანი ამოქედდება", - განაცხადა   4 აპრილს პრემიერ-მინისტრმა.

რკინიგზის სადგურის პროექტის პრეზენტაციიდან სამი თვეა გასული, თუმცა ადგილზე სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.

რკინიგზის დეპარტამენტში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, რომ აეროპორტთან სადგურის მოწყობისთვის ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

გასულ წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდების სადგომი ბაქანიც გააფართოეს. სამუშაოები კომპანია " ბლექს სი გრუპმა" განახორციელა.


Print