ახალი ამბები
"საცოდავად ანთია ორი-სამი ნათურა" - სოფელ ქვიტირში ცენტრალური გზის განათებას ითხოვენ
FaceBook
სოფელ ქვიტირში მოსახლეობა გარე განათების არაარსებობას აპროტესტებს და გადამწვარი ნათურების შეცვლას ითხოვს.

ადგილობრივების თქმით, ღამის საათებში ჩაბნელებულ გზაზე მოძრაობა ფეხით მოსიარულეებისთვის უსაფრთხო არაა, ხოლო ავტომობილებს საავარიო სიტუაციას უქმნის.

"ისეთი სიბნელეა, ავტომობილები, ქვეითს კი არა, ერთმანეთს ძლივს უყურებენ. მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური მოძრაობაა, ზოგი შავი ზღვის კურორტებზე მიდის, ზოგიც აეროპორტში და სამარცხვინოა ასეთ წყვიადში რომ უწევთ მოძრაობა. საცოდავად ალაგ-ალაგ ანთია ორი-სამი ნათურა," - ამბობენ ადგილობრივები.

ამ პრობლემის შესახებ წყალტუბოს გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურს დავუკავშირდით, სადაც განმარტავენ, რომ სოფელ ქვიტირისა და ფარცხანაყანევის შიდა სასოფლო გზებზე გარე განათების სისტემის მონტაჟი უკვე მიმდინარეობს და რამდენიმე კვირაში დასრულდება.

რაც შეეხება, ცენტრალურ გზას, სამსახურის ხელმძღვანელი, მამუკა მატარაძე ამბობს, რომ გზის ამ მონაკვეთზე გარე განათების მოწესრიგება საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომპეტენციაა.

თუმცა, უწყებაში გვირჩიეს წყალტუბოს გამგეობისთვის მიგვემართა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ სოფელ ქვიტირში გარე განათების მონტაჟი, სწორედ, მუნიციპალიტეტმა უნდა განახორციელოს.

"ჩვენ არ ვაწარმოებთ გზის ამ მონაკვეთზე სამუშაოებს, რადგან ჩვენს ბალანსზე არ არის," - ამბობენ დეპარტამენტში.





Print