ახალი ამბები
საზღვრისპირა სოფელ პერევში სამედიცინო აქცია გაიმართა
FaceBook
საჩხერის საზღვრისპირა სოფელ პერევში სამედიცინო აქცია გაიმართა. ადგილობრივებს გამოკვლევები 10-მდე სხვადასხვა პროფილის ექიმმა ჩაუტარა.

ასევე, პარალელურად C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი მიმდინარეობდა.

პერევში სამედიცინო აქცია დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა. სამედიცინო აქციას იმერეთის გუბერნატორიც შეუერთდა. გივი ჭიჭინაძემ სოფელ პერევამდე საზოგადეობრივი ტრანსპორტით იმგზავრა.

უფასო ავტობუსი პერევის მიმართულებით ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით დაინიშნა და ის მგზავრებს კვირაში ოთხჯერ ემსახურება.

იმერეთის გუბერნატორი ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებსაც გაეცნო.

"სოფელ პერევში ადგილობრივებმა, სოფლიდან გაუსვლელად, პროფესიონალი ექიმებისგან კონსულტაციები მიიღეს. მადლობას ვუხდი იმ სამედიცინო ცენტრებსა და ადამიანებს, რომლებიც გვერდით დაგვიდგნენ და მოგვცეს საშუალება ერთად გაგვეკეთებინა სიკეთე ამ ადამიანებისთვის," - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ.

მისივე ინფორმაციით, მსგავსი ტიპის სამედიცინო აქცია გასულ წელსაც ჩატარდა და ასევე, მომავალშიც გაგრძელდება.



Print