ახალი ამბები
"გადაგვაგდო რწმუნებულმა" - მესხეთში დანაპირების შესრულებას ითხოვენ
FaceBook

ზედა მესხეთის რწმუნებულმა, თემურ ჭეიშვილმა სოფლის სტადიონზე გარე განათების მოწყობაზე გაცემული დაპირება არ შეასრულა.

საუბარია, სოფელში სათამაშო სტადიონზე გარე განათების  გაკეთებაზე, რომელიც ჭეიშვილის დაპირების მიხედვით, ივლისის პირველ ნახევარში უნდა შესრულებულიყო.

დაპირება ზედა მესხეთის რწმუნებულმა თემურ ჭეიშვილმა "ქუთაისიპოსტთან" საუბარისას მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს გასცა. თუმცა, გარეგანათება ამ დრომდე არ გაკეთებულა.

"გადაგვაგდო რწმუნებულმა, ვითხოვთ დროულად შეგვისრულოს დანაპირები და ბავშვებს სათამაშო სივრცე ეღირსოს სოფელში," - ამბობენ ადგილობრივები.

სოფლის რწმუნებული, დაპირების შეუსრულებლობას ტექნიკურ ხარვეზებს უკავშირებს და ამბობს, რომ დაპირება მიმდინარე თვის ბოლომდე შესრულდება.

"ენერგოპროსთან გადაგზავნილია საჭირო დოკუმენტები და თვის ბოლოს ყველაფერი მოწესრიგდება,"- ამბობს ჭეიშვილი.

"ენერგოპრო ჯორჯიას" ქუთაისის სერვის - ცენტრში კი განმარტავენ, რომ სოფელ ზედა მესხეთიდან სპორტული მოედნის გარეგანათების მოსაწყობად განაცხადი მიმდინარე კვირის დასაწყისში, 17 ივლისს მიიღეს.

შესაბამისად, განათების მოწყობა რწმუნებულის მიერ დაპირებული თარიღით ვერანაირად ვერ მოხერხდებოდა, რადგან, კომპანიაში ამბობენ, რომ ასეთი სამუშაოების განხილვა 40 სამუშაო დღის ვადაში ხდება.

"მსგავსი განაცხადი კომპანიაში ყოველდღიურად ასობით შემოდის და მათი განხილვისა და დამუშავებისთვის კანონით არის განსაზღვრული ვადა: 40 სამუშაო დღე. კომპანია კანონის სრული დაცვით გასცემს ტექნიკურ პირობას და შეასრულებს შესაბამის სამუშაოებს მომხმარებლისთვის განათების მოსაწყობად," - განმარტავს "ენერგოპროჯორჯიას" ქუთაისის სერვის - ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეონა გეგუჩაძე.

ქვიტირის თემში შემავალ სოფელ ზედა მესხეთში, ე.წ. მელაძეების უბანში მცხოვრები 50 - მდე მცირეწლოვანი სათამაშო სტადიონის გარეშეა დარჩენილი.

პატარები მათთვის განკუთვნილი სათამაშო მოედნით იმ მიზეზით ვერ სარგებლობენ, რომ გასულ წელს მოწყობილი სტადიონი ინფრასტრუქტურულად ამ დრომდე გაუმართავია.

 


ამავე თემაზე:

შერჩევითი ინფრასტრუქტურა და სტადიონს მიღმა დარჩენილი ბავშვები ქვიტირის თემში

Print