ახალი ამბები
"ხელფასები არ მოუციათ 6 თვეა" - ავტობანზე დასაქმებულებმა მაგისტრალი გადაკეტეს
FaceBook
სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულებს მაგისტრალი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ. ამ ფორმით მათ რამდენიმეთვიანი სახელფასო დავალიანება გააპროტესტეს.

აღნიშნულ მონაკვეთზე კომპანია "ალტ კომი" ავტობანის მშენებლობაზეა პასუხისმგებელი. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ნიკოლოზ დათეშიძე აცხადებს, უკრაინული კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ვალუიკინმა, არამარტო ავტობანზე დასაქმებულები, საქართველოს მთავრობაც მოატყუა და ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

მისივე ინფორმაცით, სამუშაოები ბოლო რამდენიმე თვეა შეწყვეტილია, თანხის არ არსებობის გამო და ადგილზე დასაქმებულებს, განაცდური არ უნაზღაურდებათ.

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე დასაქმებულები კუთვნილი ხელფასების დარიცხვას და მუშაობის აღდგენას მოითხოვენ.

,,ხელფასები არ მოუციათ 6 თვეა. დღეს შეთანხმების ბოლო დღეა. ჯერ პირველ ივლისს დაგვპირდნენ, ბოლოს წერილი გამოგზავნეს 20-ში დაგერიცხებათ ხელფასიო, მაგრამ დირექტორი დღესაც არ მოვიდა, წნევა მოიმიზეზა.

მინისტრს და მთელს მთავრობას დაჰპირდნენ, რომ 20-ში ხელფასებს მოგვცემდნენ, თუმცა მარტო ჩვენ კი არა მთავრობაც მოატყუეს. 11 კილომეტრიან მონაკვეთს ვაკეთებთ და 2016 წელს უნდა დასრულებულიყო მშენებლობა, ისე მიდის საქმე 2022-მდე ვერ დასრულდება, ფინანსების არ ქონის გამო. მოვითხოვთ მოგვცენ ჩვენი კუთვნილი ხელფასები და ის დრო რაც არ ვმუშაობდით და გაგვაჩერეს აგვინაზღაურონ,"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ქუთაისიპოსტი შეეცადა კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირებას. თუმცა, დირექტორი ოფისში არ იმყოფებოდა, ხოლო დაცვამ აღნიშნა, რომ დასაქმებულები სახლში გააგრძელებენ მუშაობას.


Print