ახალი ამბები
ათეულობით ობიექტი ზესტაფონში, სადაც არც წყალია და არც კანალიზაცია
FaceBook
ზესტაფონში ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე კომერციული ფართების მფლობელები ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებში არც კანალიზაციაა და არც სასმელი წყალი.

აღნიშნული ობიექტები, რომლებშიც დღეს რამდენიმე ათეული მაღაზია, სწრაფი კვების ობიექტი და სილამაზის სალონია განთავსებული, 90-იან წლებში აშენდა, პრობლემაც ამ დროიდან იღებს სათავეს.

"მაღაზიის გახსნის დღიდან ამ დღეში ვართ. 21-ე საუკუნეში არც წყალი გვაქვს და არც კანალიზაცია. ასობით ადამიანი დილის 7 საათიდან გვიან ღამემდე მუშაობს და ხომ წარმოგიდგენიათ აქ რა ხდება. რაც ჩვენ ბიუჯეტში ფული გვაქვს შეტანილი, რა გახდა ამის გაკეთება. წყალკანალში ვიყავით, უთხარით, თანხას გადავიხდითთქო, მაგრამ უარი მივიღეთ. მართლა ვერ ვხვდებით ასე როგორ შეიძლება," - განაცხადა „ქუთაისიპოსტთან“ საუბრისას ერთ-ერთმა მეპატრონემ ალიკა მახათაძემ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ნიკოლოზ კრავეიშვილის თქმით, წყალ-კანალიზაციის ქსელის მოწყობაზე პასუხისმგებლობა გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას ეკისრება.

წყალმომარაგების კომპანიაში კი განგვიცხადეს, რომ კანალიზაციის და წყლის პრობლემა რაიონში ბევრს აქვს და ეტაპობრივად აღმოიფხვრება.


ეკა დუგლაძე
Print