ახალი ამბები
"მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" კონკურსზე იმერეთიდან 17 პედაგოგი დარეგისტრირდა
FaceBook
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" კონკურსის პირველი ეტაპი, რომელიც პრეტენდენტთა რეგისტრაციას და განაცხადების შეტანას ითვალისწინებდა,  დასრულდა.
საგანგებოდ კამპანიისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე www.tprize.ge 745 დაინტერესებული პირი დარეგისტრირდა. მათგან განაცხადი მხოლოდ 114-მა მასწავლებელმა შეიტანა.

ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, ყველაზე მეტი - 37 განაცხადი თბილისიდან შევიდა. პრეტენდენტების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონია, საიდანაც მასწავლებელთა ეროვნულ ჯილდოს კონკურსზე 17 პედაგოგია დარეგისტრირებული.

მასწავლებელთა განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პრეტენდენტების საერთო რაოდენობიდან 104 ქალბატონია, ხოლო 10 - მამაკაცი. მათგან საზ. მეცნიერებების მიმართულების მასწავლებელია - 20, უცხოური ენების - 11, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების - 1, სპორტის - 2, მათემატიკის - 8, სახელმწიფო ენების - 23, ესთეტიკური აღზრდის - 1, ხოლო სხვადასხვა მიმართულებების - 29 მასწავლებელია დარეგისტრირებული.

კონკურსის შემდეგ ეტაპზე სპეციალურად მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსთვის შექმნილი ჟიური განიხილავს შემოსულ განაცხადებს და შეარჩევს საუკეთესო ათეულს, ამის შემდეგ კი, პირისპირ ინტერვიუების საფუძველზე შეირჩევა ხუთეული, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პირველი ადგილის მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან - ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

ამავე თემაზე: "პედაგოგებს თანაბარი პირობები არ აქვთ" - მასწავლებლები ჯილდოს მოლოდინში

Print