ახალი ამბები
ქუთაისში ნაგავშემკრები კონტეინერები ახალი წესით მონტაჟდება
FaceBook
ქუთაისში ნაგავშემკრები კონტეინერების დადგმის წესი მთელი ქალაქის მასშტაბით იცვლება, რაც ურნების ტროტუარებში ჩასმას გულისხმობს.

ნაგავშემკრები კონტეინერების მონტაჟს  "ქუთსერვისგრუპი" ახორციელებს.

კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კონტეინერების მოწყობის წესი ქუჩებზე შეუფერხებლად მოძრაობის გამო შეიცვალა.

"ამ დრომდე ქუჩაში შუა გზაში იდგა ურნები, რაც ხელს უშლიდა მოძრაობას, ანუ გზის სავალი ნაწილი იზღუდებოდა. ამჯერად ტროტუართან ხდება გზის შეჭრა სპეციალურად იმ ზომების მიხედვით რა ზომაცაა კონტეინერი და უფრო კიდეზე იქნება დამონტაჟებული" - ამბობს ააიპ "ქუთსერვისგრუპის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი მჟავანაძე.

კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით ახალი წესით კონტეინერების დამონტაჟება მუშაობას უფრო ხელსაყრელს გახდის ნაგავმზიდი მანქანებისთვისაც.

მათივე ცნობით, ამგვარად კონტეინერების დამონტაჟება გასულ წელს ერთ ქუჩაზე სატესტო რეჟიმში დაიწყეს, თუმცა მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარე თვიდან დაიწყეს და  სამონტაჟო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
Print