ახალი ამბები
"ოთხჯერ დაათვალიერეს მდინარე" - მაშველები რიონში 11 წლის ბიჭს ამ დრომდე ეძებენ
FaceBook
მდინარე რიონში დაკარგულ 11 წლის ბიჭს  მაშველები ამ დროისთვის ვარციხეჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებენ.

სამძებრო სამუშაოები 14 ივლისის საღამოს რიონჰესის ტერიტორიაზე დაიწყო. როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, ოთხჯერ დაათვალიერეს მდინარე რიონი ქუთაისის მასშტაბით, თუმცა უშედეგოდ.

"ოთჯერ დაათვალიერეს მდინარე და სანაპიროები ქუთაისში. ახლა სამძებრო სამუშაოები ვარციხეჰესის ტერიტორიაზე გრძელდება," - ამბობენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

ადგილზე იმყოფებოდნენ დაკარგული ბიჭის ახლობლებიც, თუმცა,  მომხდართან დაკავშირებით საუბარი არ ისურვეს. მათ ტერიტორია უკვე დატოვეს.




დაკარგული ბიჭის ოჯახი ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.  ისინი სამგრელოდან არიან. 11 წლის ბიჭი სახლიდან 14 ივლისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

წინასწარი ინფორმაციით, დაკარგულმა ბიჭმა ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მეგობართან მიდიოდა, თუმცა, მოგვიანებით გაიგეს, რომ მასთან არ მისულა.

"ბავშვები საბანოდ წავიდნენ, საღამოს რომ ამოვიდნენ, გვითხრეს, რომ ბიჭი დაიკარგა. მერე გვიან გვითხრეს, წყალში შევიდა და დაიხრჩოო", - განმარტავენ ადგილობრივები.

"გუშინ ღამით მივიღეთ შეტყობინება. მაშინვე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 30 მაშველი ეძებს დაკარგულ ბიჭს, მცურავი საშუალებებით," - აცხადებენ სამაშველო სამსახურში.
Print