ახალი ამბები
„მადლობით მინდა დავიწყო“ - ქუთაისის მერი „მაკდონალდსის“ რესტორნის გახსნაზე
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" ახალი რესტორანი საზეიმოდ გაიხსნა.
ქუთაისის მერმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლა მადლობით დაიწყო.

„მადლობით მინდა დავიწყო ყველა იმ კომპანიის მისამართით, ვინც ინვესტიციას დებს ქუთაისში. მაკდონალდსი არის განსაკუთრებული შემთხვევა, ხშირად ყოფილა ამ თემაზე დისკუსიები ვიცით ყველამ, მაგრამ დღეს ეს არის  რეკრეაციული მწვანე ზონა ქალაქის ცენტრში.

გუშინ საღამოს მე დავათვალიერე მიმდებარე ტერიტორია და გახარებული ვიყავი, რომ ბავშვები და უამრავი ახალგაზრდა იყო აქ.

მადლობა "მაკდონალდსს" იმ მილიონობით ინვესტიციისთვის, რომელიც ჩვენს ქალაქში განახორციელა“ - განაცხადა შოთა მურღულიამ პრეზენტაციაზე.

"მაკდონალდსის" ახალი რესტორანი სტანდარტულზე დიდი ზომისაა და სტუმრების დარბაზებთან ერთად, დაბადების დღის და ბავშვებისთვის განკუთვნილ ოთახებსაც აერთიანებს.

რესტორნის ინფრასტრუქტურა შშმ პირებზეა ადაპტირებული.

"მაკდონალდსის" ახალი რესტორნის პროექტის შემუშავების პროცესში გერმანელ და ავსტრიელ არქიტექტორებთან ერთად ქუთაისის მერიის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულები.

კომპანიის ინფრომაციით, განსაკუთრებული მასშტაბის გამო, ქუთაისის მეორე "მაკდონალდსისთვის" 6 171 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ახალი რესტორნის გახსნასთან დაკავშირებით, დავით აღმაშენებლის მოედანზე, 18:30-ზე ნიაზ დიასამიძე და ჯგუფ "33ა"-ს კონცერტი გაიმართებაა, რომელიც ფეიერვერკით დასრულდება.

საქართველოში "მაკდონალდსის" პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა და საქართველოს 5 ქალაქში 11 რესტორანს აერთიანებს.

ქუთაისში "მაკდონალდსის" მეორე რესტორნის გახსნას ადგილობრივების მწვავე პროტესტი მოჰყვა. მათი თქმით, რესტორანი თავისი ვიზუალით ქალაქის ისტორიული ნაწილის საერთო არქიტექტურაში არ ჯდება.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, საქართველოს მასშტაბით „მაკდონალდსის“ 22-მდე რესტორის აშენება იგეგმება.


Print