ახალი ამბები
ქუთაისის მერიის განმარტება მძღოლების მიერ შეღავათების ამსახველი წარწერების ჩამოხსნაზე
FaceBook
ქუთაისის მერიაში,  მძღოლების მიერ სოციალურად დაუცველი და 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დაწესებული შეღავათების ამსახველი წარწერების ჩამოხსნაზე, განმარტებას აკეთებენ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ საქალაქო ტრანსპორტში აღნიშნული  წარწერები საინფორმაციო ხასიათს ატარებდა, რომელთა   გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩამოხსნა   დარღვევას არ წარმოადგენს.

"ეს იყო საინფორმაციო ფურცელი იმის შესახებ, თუ რა შეღავათები იყო დაწესებული მგზავრებისთვის. ეს ინფორმაცია ტარიფის გაძვირებიდან მალევე განთავსდა და ერთი თვე იყო საკმარისი ვადა იმისთვის, რომ მგზავრებს ინფორმაცია მიეღოთ. შესაბამისად, მძღოლების მიერ წარწერების თვითნებურად ჩამოხნაზე არ არის საუბარი.  უკვე აიღო ხალხმა ინფორმაცია.  ის ვალდებულება, რომ მუდმივად უნდა ყოფილიყო განთავსებული, არ იყო. ამას ჰქონდა მხოლოდ საინფორმაციო სახე",-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტის მძღოლების ნაწილმა, სოციალურად დაუცველების და 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მგზავრობის ტარიფზე დაწესებული შეღავათების ამსახველი წარწერები, საკუთარი ავტომობილების სალონებიდან მოხსნა.

მიკროავტობუსებსა და ავტობუსების ნაწილში ამ დრომდე მხოლოდ ერთი, ფიქსირებული ტარიფია მითითებული.
მიკროავტობუსის შემთხვევაში 50 თეთრი, ხოლო ავტობუსში 40 თეთრი.

მძღოლები ამბობენ, რომ სინამდვილეში არაფერი შეცვლილა, თუმცა, მიზეზს, თუ რატომ ჩამოხსნეს წარწერები, არ განმარტავენ.

მგზავრები კი მიიჩნევენ, რომ მძღოლები ამ გზით ყველასთვის ერთნაირი ტარიფის დაკანონებას ცდილობენ.

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა  მიმდინარე წლის 7 აპრილიდან 10 თეთრით გაძვირდა, თუმცა, სოციალურად დაუცველებისთვის ტარიფი უცვლელი დარჩა. 8 წლამდე ასაკის ბავშები კი უფასოდ გადაადგილდებიან.
Print