ახალი ამბები
მძღოლებმა მგზავრობის ტარიფზე დაწესებული შეღავათების ამსახველი წარწერები ჩამოხსნეს
FaceBook
ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტის მძღოლების ნაწილმა, სოციალურად დაუცველების და 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მგზავრობის ტარიფზე დაწესებული შეღავათების ამსახველი წარწერები, საკუთარი ავტომობილების სალონებიდან მოხსნა.
მიკროავტობუსებსა და ავტობუსების ნაწილში მხოლოდ ერთი, ფიქსირებული ტარიფია მითითებული.
მიკროავტობუსის შემთხვევაში 50 თეთრი, ხოლო ავტობუსში 40 თეთრი.

მძღოლები ამბობენ, რომ სინამდვილეში არაფერი შეცვლილა, თუმცა, მიზეზს, თუ რატომ ჩამოხსნეს წარწერები, არ განმარტავენ.

მგზავრები კი მიიჩნევენ, რომ მძღოლები ამ გზით ყველასთვის ერთნაირი ტარიფის დაკანონებას ცდილობენ.

"ცდილობენ შეგვაგუონ რომ ყველამ ერთნაირად უნდა გადაიხადოს. ისედაც იშვიათად სარგებლობდნენ სოციალურად დაუცველები ამ ბარათებით და მძღოლებიც სულ ღიზიანდებოდნენ  ამის გამო", - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი. 

საქალაქო ტრანსპორტში მგზავრობის ფასის მითითებას, ქუთაისის საკრებულოს 2015 წლის 3 აპრილის დადგენილებაც განსაზღვრავს, რომლის მე-15-ე მუხლშიც განმარტებულია, რომ ნებართვის მფლობელმა მგზავრობის ფასის შესახებ ინფორმაცია მგზავრებისთვის თვალსაჩინო ადგილზე უნდა განათავსოს.

" ნებართვის გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს მარშრუტზე მომუშავე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა სვლაგეზის მაჩვენებელი დადგენილი ნიმუშის ფირნიშებით (ელექტრო–ტაბლოებით), მგზავრობის ფასის გადახდის ელექტრონული/ან სხვა სისტემებით. სალონში მგზავრისთვის თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ტაბლო, სადაც აღნიშნული იქნება მძღოლის სახელი, გვარი, ფოტო–სურათი, ნებართვის მფლობელის დასახელება, ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრები და მგზავრობის ფასი",-ნათქვამია დადგენილებაში.


მიკროავტობუსის მძღოლს სალონში მხოლოდ 50 თეთრიანი ტარიფი აქვს მითითებული


წარწერა, სადაც მითითებულია, რომ სოციალურად დაუცველები 40 თეთრად, ხოლო 6 წლამდე ასაკის ბავშვები უფასოდ მგზავრობენ, ჩამოხსნილია

ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა მიმდინარე წლის 7 აპრილიდან გაძვირდა, რასაც წინ უძღოდა მძღოლების ორდღიანი საპროტესტო აქციები. ამის შემდეგ ქალაქის ხელისუფლებამ ტარიფი 10 თეთრით გაზარდა, თუმცა, სოციალურად დაუცველებისთვის ისევ ძველი (მიკროავტობუსი 40 თეთრი, ავტობუსი 30 თეთრი) ტარიფი შენარჩუნდა, 8 წლამდე ასაკის ბავშვები კი უფასო მგზავრობით სარგებლობენ.

ქუთაისიპოსტი  უკვე დაუკავშირდა ქუთაისის მერიას და მათ პოზიციას   განმარტების მიღებისთანავე  შემოგთავაზებთ.

Print