ახალი ამბები
"იმედი მქონდა სოციალური დახმარების" – მარტოხელა დედა ქუთაისიდან
FaceBook
ქუთაისში მცხოვრები, მარტოხელა დედა შეწყვეტილი სოციალური შემწეობის აღდგენას ხუთი თვეა ელოდება. 

მას საარსებო დახმარება მიმდინარე  წლის თებერვალში შეუჩერდა. მიზეზი საცხოვრებელი ბინის ცვლილება იყო, რაც რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძველი გახდა.
ქრისტინა გაბუნიას თქმით, მან არ იცოდა, რომ ცვლილების თაობაზე სააგენტოსთვის უნდა ეცნობებინა.

ის ამბობს, რომ მისთვის არც ის უთქვამთ, რომ შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ახალი განცხადება უნდა დაეწერა და ხელახალი გადამოწმება მოეთხოვა. ამის გამო, ის მეხუთე თვეა გაურკვევლობაშია. ქრისტინა გვიყვება, რომ ოჯახში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო, მან სოციალური მომსახურეობის სააგენტოში მისვლა ვერ მოახერხა.

"იმედი მქონდა  სოციალური დახმარების. ქირას ვეღარ ვიხდი, ვერც გადასახადებს. საშინელ დღეში ვარ. აგენტი 28 მარტს იყო ჩვენთამ მოსული. მას არ უთქვამს უთქვამს, რომ განცხადება უნდა დამეწერა. თვითონ შეავსო როგორც ადრე გააკეთა ისე. გამოგვკითხა ყველაფერი, ჩემი და ბავშვების პირადი ნომრები ჩაიწერა, შეამოწმა ყველაფერი და მეტი არაფერი აუხსნია", - ამბობს ქრისტინა გაბუნია. 

ის ახლა ნაქირავებ ბინაში ორ მცირეწლოვანთან ერთად ცხოვრობს. ბინის ქირის ყოველთვიური გადასახადი 150 ლარს შეადგენს.

ქრისტინა გაბუნია სოციალური დახმარების მიმღები 2013 წლიდან არის. ის ამბობს, რომ მაშინ მისი სარეიტინგო ქულა 47 ათასს შეადგენდა. სოციალური დახმარების სახით, კი სამ სულიან ოჯახს 156 ლარი ეძლეოდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, ოჯახმა დახმარების მისაღებად განაცხადება  ისევ უნდა შეიტანოს.   

"არ ვიცი ვერ აუხსნეს ჩვენებმა თუ მან ვერ გაიგო სწორად რომ კიდევ მომართვა იყო საჭირო. მან ახლა განცხადება უნდა დაწეროს განყოფილებაში, რათა მისი გადამოწმება მოხდეს", - განმარტავენ სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში. 

მარტოხელა დედა დახმარების მიღებაზე განცხადებით მიმართვას ისევ გეგმავს.

Print