ახალი ამბები
ქუთაისში უფასო მედიკამენტებით 134-მა სოციალურად დაუცველმა ისარგებლა
FaceBook
ქუთაისში მედიკამენტებით უზრუნველყოფის მოთხოვნით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 134 ბენეფიციარმა მიმართა და ყველა მათგანი დაკმაყოფილდა.
უფასო მედიკამენტების პროგრამით, რომელიც მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა,  ქრონიკული დაავადებების მქონე სოციალურად დაუცველები დარგებლობენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ახლადამოქმედებული პროგრამა ქვეყნის მასშტაბით პირველად ხორციელდება.

პროგრამის მეშვეობით, მედიკამენტების მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, რომელსაც ქრონიკულ დაავადებებთან ერთად, სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000- ის ჩათვლით აქვს მინიჭებული.

ბენეფიციარი, რომელიც  ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ექიმის მიერ გამოწერილი ფორმა 100 - ით და რეცეფტით საჭირო მედიკამენტების პსპ-ს სააფთიაქო ქსელიდან გააქვს.

"რამდენი ბენეფიციარიც დარეგისტრირდა ამ დრომდე ყველა მათგანი დაკმაყოფილდა. პროცედურის თანახმად, ბენეფიციარები სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ მიმართავენ აფთიაქს საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით," - ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი, ნინო ჭიღლაძე.

არიან თუ არა კმაყოფილები სოციალურად დაუცველები ახლად ამოქმედებული პროგრამით და არის თუ არა ის მათ საჭიროებებზე მორგებული, ასევე, რა პოზიცია აქვს ჯანდაცვის სამინისტროში და როგორ აფასებენ ექსპერტები წინასაარჩევნოდ განხორციელებულ პროგრამას - ამ დეტალებზე "ქუთაისიპოსტი" სტატიას 13 ივლისს შემთავაზებთ.
Print