ახალი ამბები
ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მცხოვრები დევნილები ე.წ. სამხედრო ქალაქის გაწმენდას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე, ე.წ სამხედრო ქალაქში არსებულ ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში მცხოვრები დევნილები მათი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდას ითხოვენ.

მათი თქმით, მოუვლელი ტერიტორია ხე-მცენარეებისგან და ნაგვისგან უნდა გასუფთავდეს.

"ზაფხულის ცხელ დღეებში აქ გავლა საშიშია. ბავშვებს ვერ ვუშვებთ სათამაშოდ. ჩვენი ძალებითაც გავწმენდდით, მაგრამ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა გადაღობეს ეს ადგილი და გაგვაფრთხილეს, რომ იქ არ შევსულიყავით. არადა ბალახის სიმაღლე უკვე ნაძვებს გაუტოლდა. აქ გავლა საშიშია," - ამბობენ დევნილთა კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ტერიტორიის დასუფთავების მოთხოვნით ქალაქის მერიას მიმართეს. მიმართვიანობას მერიაშიც ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ მოსახლეობამ განცხადება საბინაო სამსახურში წარადგინა, მწვანე საფარის მოვლა-პარტონობა კი კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენციაა.

"საბინაო სამსახურმა წერილობით აცნობა მათ, რომ მიემართათ შესაბამისი უწყებისთვის," - ამბობს ჩვენთან საუბარში ნიკეას ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, ზვიად ბუხრაიძე.

ქუთაისის მერიაში კი განმარტავენ, რომ კეთილმოწყობის სამსახურში ნიკეას ქუჩაზე საბავშვო ბაღის შენობაში მცხოვრებ დევნილთა განცხადება არ შემოსულა, ტერიტორიის გასუფთავება კი მომართვის შემდეგ მოხდება.

დევნილები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ქუთაისის მერიის კეთილწყობის სამსახურს განცხადებით მიმართავენ.




Print