ახალი ამბები
"ნალექიან ამინდში „კალოშებით“ გავდივართ" - საფიჩხიაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩის მე- 4 ჩიხში მცხოვრებლი ამორტიზებული გზის და მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ.
ადგილობრივები განმარტავენ, რომ სანიაღვრე სისტემის არარსებობის გამო, საცხოვრებელი სახლის სარდაფები იტბორება და ასევე, უჭირთ ამორტიზებულ გზაზე გადაადგილება.

"წვიმიან ამინდში წყალი ჩადის სარდაფებში, შეიძლება სახლს მიადგეს ზიანი და დაინგრეს, ამ მდგომარეობაში მე-17 საუკუნეშიც არ ცხოვრებენ, ნალექიან ამინდში „კალოშებით“ გავდივართ და ფეხსაცმელებს ჩიხის თავში ვიცვამთ," - ამბობს ადგოლობრივი მეგი კუხიანიძე.

როგორც ისინი ამბობენ, ქუჩაზე ასეთი მდგომარეობა მას შემდეგაა, რაც წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი,  ამ დრომდე მოუწესრიგებელი რჩება სანიაღვრე ქსელი და გზა, რომლის მოწესრიგების პირობა მათთან მაჟორიტარმა დეპუტატმა ნიკა ლატარიამ გასცა.

"საარჩევნოდ ვახსენდებით და გვპირდებიან პრობლემების მოგვარებას, მერე ვავიწყდებით? ორი წელია ასე ვართ და არაერთხელ მივმართეთ ხელისუფლებას თუმცა, უკვე კომუნიკაციის სურვილი აღარ გვაქვს, მათი აღარ გვჯერა," - ამბობენ კლდიაშვილის მე-4 ჩიხში მცხოვრებლები.

თუ რატომ ვერ გაკეთდა ამ დრომდე  კლდიაშვილის ქუჩაზე დაპირებული რეაბილიტაცია, საფიჩხიის  მაჟორიტარ დეპუტატი, ნიკა ლატარია განმარტავს, რომ ეს ტექნიკურმა პრობლემებმა გამოიწვია. თუმცა,  იმასაც აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე მუშაობს და მოსახლეობას პრობლემა მალე მოუგვარდება.

"ქუთაისიპოსტის" ადგილზე მუშაობის დროს, ადგილობრივების პრობლემების მოსასმენად, უბანში საფიჩხიის ადმინისტრაციული ერთეულის თავმჯდომარე და და ვიცე-მერი გრიგოლ დალაქიშვილი მივიდნენ. ადგილობრივებს პრობლემების მოგვარებას დაჰპირდნენ. თუმცა, კონკრეტულად რა ვადებში ამაზე პასუხი არც მათ ქონიათ. 

"წყლის მილი რკინიგზის ლიანდაგის ქვევითაა გატარებული, რადგან წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ლიანდაგის რეაბილიტაცია ერთდროულად განხორციელდა. ამ დროს წყლის მილი ლიანდაგის ქვევით გატარდა, რაზეც კომპანიები შეთანხმებული იყვნენ. მაშინ არ კეთდებოდა სანიაღვრე ქსელი, ახლა კი აუცილებელია მისი მოწყობა. ამიტომ საჭიროა კვლავ მოლაპარაკება რკინიგზასთან, რამდენად დაგვრთავენ ნებას რეაბილიტირებული ლიანდაგის ქვევით ახლა სანიაღვრე ქსელმა გაიაროს," - აბობს საფიჩხიის ადმინისტრაციული ერთეულის თავმჯდომარე, მარეხი ნიჟარაძე.

მისივე თქმით, თუ რკინიგზა მოლაპარაკებაზე არ წამოვა, მაშინ ალტერნატიულ გზებს მოიძიებენ, რათა ადგილობრივებს პრობლემა მოუხსნან.  

საქართველოს რკინისგზაში, ჩვენთან  საუბარში განმარტავენ, რომ აუცილებელია ქუთაისის მერიამ სანიაღვრე სისტემის მოწყობის პროექტი წარუდგინოს. მათივე ინფორმაციით, თუ პროექტი ისე იქნება შედგენილი, რომ სარკინიგზო ლიანდაგს ზიანი არ მიადგება, ადგილობრივებისთვის სანიაღვრე სისტემის მოწყობის ნებას დართავენ.

Print