ახალი ამბები
"ორი კვირაა ყოველდღე ითიშება დენი" - ქუთაისის ბაზრობების ხელმძღვანელები
FaceBook
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ ბაზრობებზე ბოლო დროს ელექტროენერგიის გახშირებულ გათიშვაზე საუბრობენ. მათი თქმით, დენის მიწოდებაზე შეზღუდვამ ინტენსიური ხასიათი მიიღო.

შპს "ავტოტრანსპორტი 91"-ის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ შუქი ყოველდღიურად 3-4 საათით ითიშება, რაც სახანძრო უსაფრთხოების სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს.

"თითქმის ორი კვირაა ყოველდღე ითიშება დენი. ასეთი ხშირი გათიშვა ელექტროტრანსფორმატორზე მოქმედებს. ჩვენ ხომ არ ვიცით რა სიმძლავრის დენი მოვარდება. შეიძლება ისეთი მოვრდეს, რომ მთლად დაწვას ყველაფერი," - ამბობს შპს "ავტოტრანსპორტი 91"-ის იურისტი, ბონდო ბრეგაძე.

ბაზრობის წამომადგენლის თქმით, მას "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუმარტეს, რომ დენის გათიშვის მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია.

შეზღუდვების მიუხედავად, ბაზრობების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ უსაფრთოების ნორმები გამკაცრებულია.

ქუთაისში მეორადი ტანსაცმლის ბაზრობის, შპს "ოაზისის" ხელმძღვანელი იოსებ მურუსიძე ამბობს, რომ ბაზრობის ტერიტორიაზე ელექტროსისტემა მოწესრიგებულია და უსაფრთხოების ნორმებს იცავენ.

"გასული წლის ბოლოს იყო ჩვენთან ხანძარი, მაგრამ ეს მოხდა მომხმარებლის დაუდევრობით. სიგარეტის ნამწვის შედეგად ცეცხლი გაჩნდა. თუმცა, მასშტაბური არ ყოფილა და ცეცხლმაქრით შევძელით ლოკალიზება," - განმარტა იოსებ მურუსიძემ.

შპს "იმერეთში" ე.წ. კეჩის ბაზრობაზე განგვიმარტეს, რომ ელექტროსისტემას პერიოდულად ამოწმებენ. იგივეს ამბობს ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული აგრარული ბაზრის შპს "ანის" ხელმძღვანელი, ვლადიმერ თუთისანი.

"რაც დასაწვავი იყო დაიწვა უკვე, ჩვენთან არაფერი მოხდება," - აღნიშნა შპს "ანის" ხელძღვანელმა.

ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ ბაზრობებისთვის ელექტროენერგიის შეზღუდილად მიწოდების შესახებ "ენერგო პრო ჯორჯიაში" განმარტებას აკეთებენ. კომპანიაში ამბობენ, რომ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიდერი გასულ კვირას ავარიულად რამდენჯერმე გამოითო, რამაც გამოიწვია დენის გათიშვა.

"თუმცა, აბონენტების ნაწილი ალტერნატიულ ფიდერზე გადაერთო. მიმდინარე წლის 10 ივლისს, ტექნიკური სამუშაოების ჩატარებისთვის, ამავე ტერიტორიაზე, აუცილებელი იყო ფიდერის ერთი საათით გამოცვლა, ამიტომ 15-დან 16 საათამდე აბონენტებთან შეთანხმებით ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდა," - განმარტავენ "ენერგო პრო ჯორჯიაში".

Print