ახალი ამბები
ქუთაისში ცენტრალური არქივის ახალი შენობა 12 ივლისს იხსნება
FaceBook
ქუთაისში ცენტრალური არქივის ახალი შენობის  პრეზენტაცია 2017 წლის 12 ივლისს გაიმართება.  არქივის ახალი შენობა ირაკლი აბაშიძის ქუჩა #20-ში მდებარეობს. 
იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ ნაგებობა საგანგებოდ საარქივო საჭიროებისათვისაა დაპროექტებული და აგებული, არქივსაცავებში კი დაცულია ყველა საერთაშორისო ნორმა, რაც დოკუმენტების მაქსიმალურად უსაფრთხოდ შენახვას უზრუნველყოფს.

ქუთაისის ცენტრალურ არქივში თავს მოიყრის ქუთაისის, წყალტუბოს, სამტრედიის, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, ხონის, ვანის, ბაღდათის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის 4 334 ფონდის 905 432 საარქივო საქმე.

ქუთაისის ცენტრალური არქივი 1921 წელს ჩამოყალიბდა. ამჟამად მასში დაცულია XVIII-XX საუკუნეებში შექმნილი დოკუმენტები - ქუთაისის ქალაქის მმართველობის (1875-1919 წლები), ქუთაისის გუბერნიის სამმართველოს (1846 - 1918 წლები), ქუთაისის სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულოს (1837-1917 წლები), იმერეთის ეპარქიული კანცელარიის (1819-1921 წლები) და სხვა ფონდები.

უნიკალურ დოკუმენტებს შორისაა იმერეთის მეფეების - სოლომონ პირველისა და სოლომონ მეორის სიგელები და წყალობის წიგნები, მოსახლეობის აღწერის მასალები, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძის, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვათა ავტოგრაფები, ასევე ქუთაისის კლასიკური და ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიების დაარსების ამსახველი დოკუმენტები.

ქუთაისის ცენტრალური არქივის ახალი შენობის გახსნის ცერემონიას იუსტიციის მინისტრი და სამინისტროს წარმომადგენლები დაეწრებიან. ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება.



Print