ახალი ამბები
ქუთაისის ბაზრებში სურსათის უვნებლობის სააგენტო სუნელებს ამოწმებს
FaceBook

სურსათის ეროვნული სააგენტო ქუთაისში მდებარე ბაზრებში სუნელ-სანელებლების შემოწმებას ახორციელებს.

სააგენტოში აცხადებენ, რომ სანელებლების შემოწმება ქუთაისის მსგავსად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა თუ რეგიონებში მდებარე ბაზრებში მიმდინარეობს.

"აუცილებლად მოხდება საქართველოს ყველა ბაზარში შესვლა და ნიმუშების ამოღება", -  განგვიმარტეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ბიზნესოპერატორი ვალდებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით პროდუქტი გაანადგუროს.

მიმდინარე წელს, სააგენტოს სპეციალისტებმა ტყვიის შემცველობაზე კვლევისთვის სხვადასხვა სახეობის სუნელ-სანელებლის 75 ნიმუში აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. აღებული ნიმუშებიდან უკვე გამოკვლეულია 25, საიდანაც დარღვევა - დადგენილი ნორმის ზღვარს ზემოთ ტყვიის შემცველობა გამოვლინდა 4 ნიმუშში.

მოქმედი კანონმდებლობით, ტყვიის შემცველობა სანელებლებში 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს კილოგრამში. ჩატარებული კვლევით, ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა აღინიშნა შემდეგ სუნელ- სანელებლებში: წითელი წიწაკა-7,06მგ/კგ; მშრალი აჯიკა-6,38მგ/კგ; მშრალი აჯიკა-5,96მგ/კგ; სუნელი-5,60მგ/კგ. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც პროდუქციის სარეალიზაციო ბაზრიდან ამოღებას ითვალისწინებს.

2015 წლის 9 სექტემბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საკონსულოდან მიიღო ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის შეტყობინება საქართველოდან გაგზავნილ სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის აღმოჩენის თაობაზე. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეტყობინების მიღებისთანავე გაატარა შესაბამისი ღონისძიებები. შემოწმდა ექსპორტიორი ბიზნესოპერატორები და სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულ იქნა 29 ნიმუში, საიდანაც დარღვევა გამოვლინდა ერთ შემთხვევაში.

 

Print