ახალი ამბები
ქუთაისში გაზზე მომუშავე ავტომობილებს ორი კომპანია შეამოწმებს
FaceBook
ქუთაისში გაზზე მომუშავე ავტომობილების  შემოწმება იწყება. აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების მონიტორინგს ორი კომპანია განახორციელებს.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, მალხაზ ხარებავამ განუცხადა.

"ამ ეტაპზე ვამუშავებთ ორ განაცხადს ქუთაისიდან, რომლებიც უახლოეს პერიოდში იქნება აკრედიტირებული. ერთ მათგანზე შეფასება დასრულებულია და მიმდინარეობს შეუსაბამობის გამოსწორება, რომელიც ამ თვის ბოლომდე დასრულდება. მეორე კომპანიამ ახლახანს მოგვმართა და ერთი თვე დააგვიანდება," - განმარტავს მალხაზ ხარებავა ჩვენთან საუბარში. მისი თქმით, შემოწმება მას შემდეგ დაიწყება, რაც კომპანიები აკრედიტაციას მიიღებენ.

ლიცენზიის მსურველი კომპანიის ვინაობას აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოში ამ დროისთვის არ ასახელებენ. 

საქართველოში გაზზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირება სავალდებულო 2018 წლის 1 იანვრიდან გახდება.

რამდენად მოსწონთ ახალი რეგულაციები მძღოლებს, რომლებიც ავტომანქანებს გაზზე ამუშავებენ ნახეთ ვიდეო სიუჟეტი.





Print