ახალი ამბები
ეროვნულმა ბანკმა ვაზის თემაზე საკოლექციო დანიშნულების მონეტა გამოუშვა
FaceBook

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ქართული ვაზისადმი მიძღვნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტა გამოუშვა.

მონეტა უკვე გაყიდვაშია და მისი ღირებულება 60 ლარია. მონეტის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ოქროსფერი ქვევრის სქემატური გამოსახულება პირობითი ჭრილით. მუქი წითელი ფერით გამოსახულია ღვინო ქვევრში.

ქვევრს გასდევს ვაზის გამოსახულება. მცენარის ფესვები ხაოიან ზედაპირზეა ამოტვიფრული, ვარჯი, ფოთლები და მტევნები ხაოიანია და განთავსებულია პრიალა ზედაპირზე.

მონეტის რკალს ქვედა ნაწილში წრიულად მარცხნიდან მარჯვნივ გასდევს შემდეგი წარწერები: "საქართველო", "2017", "GEORGIE" (ფრანგულ ენაზე ), "5 ლარი".

მონეტის მეორე მხარეს რევერსზე გამოსახულია საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მდებარე ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის შენობის გრაფიკული გამოსახულება, სადაც 2017 წელს საქართველო საპატიო სტუმარი იქნება.

მონეტის მარჯვენა ზედა ნაწილში გამოსახულია ნომინალი და ლარის სიმბოლო - "5 ₾", ხოლო რკალს წრიულად გასდევს წარწერები ფრანგულ ენაზე – "LA GÉORGIE - PREMIER VIGNOBLE INVITÉ DE LA CITÉ DU VIN DE BORDEAUX" – "საქართველო - ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრის პირველი საპატიო სტუმარი".
მონეტის დიზაინი ნინო გოგგაძეს ეკუთვნის.

5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების მონეტა სულ 1500 ცალი გამოვიდა.ის იაპონიის ზარაფხანაში დამზადდა.

 

Print