ახალი ამბები
"ალბათ, აქ ყველაზე ბედნიერი პატიმარი ვარ" - ავთანდილ ხურციძის წერილი ციხიდან
FaceBook
ამერიკაში დაკავებული ქართველი სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის მეგობარი, მერაბ დვალიშვილი  სოციალურ ქსელ, ფეისბუკზე წერს, რომ ხურციძემ მას ციხიდან წერილი გამოუგზავნა.

წერილის მიხედვითაც, ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს:

"მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს. თურქეთში მყოფ გულშემატკივრებს, უკრაინაში, ამერიკაში. მე ბედნიერი ვარ, ამხელა სიყვარულს და ძალას რომ გამოხატავთ ჩემს მიმართ. არასდროს ვუსურვებდი არავის აქ ჩაჯდომას და არც საკუთარ თავს, მაგრამ მგონი ღირდა იმის ფასად, რომ გამეგო ამხელა სიყვარული და სითბო. ალბათ, აქ ყველაზე ბედნიერი პატიმარი ვარ. ქუთაისი, ჩემი გული და სული თქვენ გეკუთვნით. 100 პატიმარი ვარჯიშობს ჩემი შემყურე უკვე ბოქსზე. ძალიან ბედნიერი ვარ, აქ… ერთი უმწიკვლო ბიჭიც ხომ უნდათ, კი გამოვეცხადე ანჩისხატივით. მშვიდობით",  – წერია წერილში.

ქართველ მოკრივეს, ავთანდილ ხურციძეს ნიუ-იორკის სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაცია ამის შესახებ მისი  ფეისბუქის პირად გვერდზე გავრცელდა.

ავთანდილ ხურციძე აშშ-ში მიმდინარე წლის 7 ივნისს დააკავეს. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დაკავებულია რუსულ-ქართული დანაშაულებრივი ქსელის 33 წევრი, მათ შორის არიან ავთანდილ ხურციძე და კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი, ლევან მაყაშვილი.

დაკავებულებს ბრალად ედებათ თაღლითობა და ფულის გამოძალვა.

ქუთაისელი სპორტსმენი, ავთანდილ ხურციძე 8 ივლისს WBO -ს ჩემპიონის ქამრის დასაცავად ბრიტანელ ბილი ჯო სანდერსს უნდა შეხვედროდა.

ამავე თემაზე:

"ვიზა ჩაურტყეს და გამთენიისას გაფრინდა" - ავთანდილ ხურციძის დედა

"მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა" - ავთანდილ ხურციძის მიმართვა სოციალურ ქსელში

ავთანდილ ხურციძეს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

Print