ახალი ამბები
ქუთაისში გულმკერდის არეში დაჭრილი 9 წლის მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
FaceBook
ქუთაისში 10 წლის მცირეწლოვანმა 9 წლის მოზარდი პნევმატური იარაღით გულმკერდის არეში დაჭრა. შემთხვევა 1 ივლისის მოხდა.
დაზარალებულის მშობლები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობენ, რომ ფაქტი შემთხვევით მოხდა, როდესაც ისინი ნათესავის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდნენ.

"უფროსები სახლში ვიყავით, პატარები კი გარეთ. ბავშვები ოჯახის უფროსის კუთვნილი პნევმატური იარაღით ერთობოდნენ თურმე და ამ ნათესავის ბავშვმა შემთხვევით ჩემი შვილი დაჭრა," - ამბობს დაზარალებული მცირეწლოვანის ოჯახის წევრი.

არასრულწლოვნებზე პნევმატური იარაღის ხელმისაწვდომობის ფაქტს, დაზარალებულის მშობელი დაუდევრობას უკავშირებს.

"ეზოში ყავთ ქათმები და ამ თოფით ოჯახის უფროსი კატებს აფრთხობდა თურმე. იგივეს გამეორება სცადა ბავშვმა, უნდოდა კატები დაეშინებია. ამ დროს კი ჩემმა შვილმა გაირბინა და ტყვია მოხვდა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო განზრახ გამიზნული ქმედება, მაგრამ ის რომ იარაღი ეზოში იყო დადებული დაუდევრობის ბრალია," - ამბობს დაზარალებული მცირეწლოვნის მშობელი.

მისი ინფორმაციით, პნევმატური იარაღით დაჭრილი მოზარდი შოკურ მდგომარეობაში ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოზარდს კარდიოქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან პაციენტს გულის და მარჯვენა ფილტვის ქსოვილების სისხლმდენი დაზიანებები აღმოაჩნდა. დარღვეული იყო გულის მკვებავი სისხლძარღვის მთლიანობა.

4 საათიანი კარდიოქირურგიული ჩარევის შედეგად პერიკარდიუმის ღრუდან მედიკოსებმა 0,8 სმ ზომის ტყვია ამოიღეს.

მედიკოსების ცნობით, პაციენტი გადაყვანილია კარდიოქირურგიულ, ინტენსიურ განყოფილებაში და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კოდექსის თანახმად, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება ისჯება გამასწორებელი სამუშაო ვადით თვრამეტ თვემდე, ან სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით.








Print