ახალი ამბები
"ყოველთვიურად ხელფასს იღებენ" - გრიგოლ დალაქიშვილმა ააიპებში "მკვდარი სულები" აღმოაჩინა
FaceBook
ქუთაისის მესამე  ვიცე-მერმა, გრიგოლ დალაქიშვილმა, რომელიც  მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ააიპ-ებს კურირებს, ე.წ. "მკვდარი სულები" გამოავლინა. საუბარია, იმ თანამშრომლებზე, რომლებიც  სამსახურში არ  დადიან და ხელფასს იღებენ. ამის შესახებ მან ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტა. 

"არ ვარ ის კაცი, რომ ვინმეს მფარველობის ქვეშ მყოფი შევიფარო და შევიწყალო, თუნდაც ჩემი პარტიის წევრი იყოს. ხომ ვიქნები მართალი, რომ ეს ადამიანები გავუშვა სამსახურიდან, რომლებიც გაფორმებული არიან და ყოველთვიურად ხელფასს იღებენ. არ ვეძებ ამ ადამიანის პროტეჟეებს, ვინც ისინი დაასაქმა. ქულებს რომ ვიწერდე, ეს ადამიანები აუცილებლად წავლენ სახლებში," -  განმარტავს გრიგოლ დალაქიშვილი.

გრიგოლ დალაქიშვილი ამბობს,  რომ  მის დაქვემდებარებაში არსებულ ორგანიზაციებში თათბირი გამართა, სადაც სამსახურში დასწრების შესახებ თანამშრომლებს გაფრთხილება მისცა.

"მოვითხოვე ის, რაც უნდა იყოს. გაფრთხილებული მყავს და მას შემდეგ, რაც თათბირზე გავაჟღერე, რომ აუცილებლად დავიწყებ ამ ადამიანების იდენტიფიცირებას, მითხრეს, რომ მოიმატა დასწრებამ. ალბათ, შეეშინდათ, რომ ხელფასს დაკარგავენ," - განაცხადა ვიცე-მერმა ჩენთან საუბრისას.

რამდენი ე.წ "მკვდარი სულია" გამოვლენილი ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ააიპ-ებში, ვიცე-მერი ჯერჯერობით არ ასახელებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ისინი გაფრთხილებას არ დაემორჩიელებიან, სამსახურიდან მათ გათავისუფლებას არ გამორიცხავს.


ის, ასევე, საბავშვო ბაღებში თანხების აკრების აკრძალვის ინიციატივითაც გამოდის. საუბარია, პედაგოგებისთვის მშობლების მიერ თანხის აკრებასა და საჩუქრების გადაცემაზე. გრიგოლ დალაქიშვილი ამბობს, რომ წლების განმავლობაში დამკვიდრებული ეს წესი ამ დრომდეც უნდა აღმოფხვრილიყო.

დალაქიშვილი, რომელიც პოსტზე მიმდინარე წლის 1 ივნისს დაინიშნა, საბინაო სფეროს, ბაგა-ბაღების გაერთიანების, კულტურულ და სპორტულ ააიპ-ებს კურირებს.




Print