ახალი ამბები
"ფანჯარა ვერ გამიღია ქვეწარმავლების შიშით" - ზესტაფონში დევნილები დახმარებას ითხოვენ
FaceBook
ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში, მაღლაკელიძის ქუჩა #11-ში მცხოვრები დევნილები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. პრობტექნიკური  ყოფილი შენობის, 5 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფი, სადაც 65 დევნილი ოჯახი ცხოვრობს წლებია, რაც სამშენებლო ნაგავით და წყლით არის სავსე. ადგილობრივების თქმით, მათ წერილობით მიმართეს დევნილთა სამინისტროს, თუმცა, მათ სამინისტროში განუმარტეს, რომ ადგილობრივი გამგეობისთვის უნდა მიემართათ. გამგეობიდან კი, არაერთი მიმართვის მიუხედავად  დევნილებს პასუხი დღემდე არ მიუღიათ.



აღნიშნული ფართები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს 10 წლის წინ გადაეცათ, რეაბილიტაცია კი სულ რამოდენიმე წლის წინ ჩაუტარდა. იქ მცხოვრებთა განმარტებით, პრობლემაც ამ დროიდან გაჩნდა. მათი თქმით, სარემონტო სამუშაოების დროს სანიაღვრე არხები სამშენებლო ნაგავით ამოივსო და წყალი სარდაფში დგება.

"6 შვილის დედა ვარ და პირველ სართულზე ვცხოვრობ. ფანჯარა ვერ გამიღია ქვეწარმავლების შიშით. კედლები ისეა დანესტიანებული მეშინია ბავშვებს არაფერი დავმართოთ", -ამბობს დევნილი, ელიკო ჯაოშვილი.

მისი თქმით, მათ არაერთხელ სცადეს პრობლების საკუთარი სახსრებით გადაჭრა.
ზესტაფონის გამგებლის მოადგილე ნიკოლოზ კრავეიშვილი ამბობს, რომ კვალითის დასახლებაში ნოტიო ნიადაგია და რის გამოც, არაერთი კორპუსია ანალოგიურ მდგომარეობაში, პრობლემის გადასაჭრელად კი ადგილობრივ ბიუჯეტში ამ დროისთვის თანხები არ არის.
"ამ საკითხის მოსაგვარებლად აუცილებელია სადრენაჟო სისტემის მოწყობა, რომელიც სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული. მიმდინარეობს მუშაობა და შესაბამისი ფინანსების არსებობის შემთხვევაში მივიღებთ შესაბამის ზომებს", - განმარტავს ნიკოლოზ კრავეიშვილი.

ვიდრე ზესტაფონის გამგეობის წარმომადგენლები პრობლემის მოსაგვარებლად, თანხების მობილიზებას შეეცდებიან, მანამ კორპუსში მცხოვრებლებს ასეთ პირობებში მოუწევთ ცხოვრება.

ეკა დუგლაძე
Print