ახალი ამბები
"სატანის მსახურები ხართ თქვენ" - მეუფე კალისტრატე "ქუთაისიპოსტს" (ვიდეო)
FaceBook
"პოსტი არის ცილისმწამებელი, სატანის მსახურები ხართ თქვენ"- ასე მოგვმართა  ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლტმა მეუფე კალისტრატემ, როცა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება ვთხოვეთ.  

საუბარია, ბაგრატის ტაძარში გადაღებული ფოტოზე, სადაც ტაძრის საკურთხეველში, ექვს საფეხურიან მაღალ დასაჯდომელზე ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე ზის.

ჩვენ შევეცადეთ თავად მეუფისგან გაგვეგო მისი მაღალ დასაჯდომელზე დაჯდომის მნიშვნელობა. თუმცა, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტისგან სიტყვიერი შეურაცხყოფა მივიღეთ.

"დავარღვიე რამე? ყველაფერი კანონიკაშია", - ასეთი პასუხი მიიღო ქუთაისიპოსტმა მეუფე კალისტრატესგან, ბაგრატის ტაძარში საკვირაო მღვდელმასახურების ჩატარების შემდეგ.



ლიტურგიკის მიხედვით, მაღალი დასაჯდომელი ადგილი საკურთხევლის აღმოსავლეთის კედლის ცენტრალურ ნაწილში - შემაღლებულ ადგილას დგას სავარძელი მღვდელმთავრისთვის. ის სიმბოლურად ზეციურ ტახტს გამოხატავს, რომელზეც უხილავად ბრძანდება უფალი. სავარძლის გვერდით, ორივე მხარეს, დგას ოდნავ დაბალი სკამები მღვდლებისთვის. სამღვდელმთავრო წირვა-ლოცვის დროს ეპისკოპოსი ამ სავარძელში ზის, თანმხლებები კი,  მის ორივე მხარეს განლაგებულ სკამებზე.

ლიტურგიაზე, სამოციქულოს კითხვის დროს, მაღალ დასაჯდომელზე დაბრძანებული მღვდელმთავარი განასახიერებს ყოვლისმპყრობელ ქრისტეს, სამღვდელოება კი მოციქულებს. სასულიერო პირების განმარტებით, მაღალი დასაჯდომელი ქრისტიანული ეკლესიის ყველა პერიოდში ასახავდა ზეციური მეუფის უხილავ და საიდუმლო მყოფობას. სამრევლო ეკლესიების უმრავლესობას არ აქვს შემაღლებული ადგილი და იქ არც სავარძელი დგას. მის ადგილას შანდალი და კანდელი დგას, რომელთაგან ერთ-ერთი აუცილებლად უნდა ენთოს ღვთისმსახურებისას.

მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიებში საპატრიარქო ტახტი შემაღლებულ ადგილასაა განთავსებული, ასეა ეს სამებისა და სიონის ტაძრებში, თუმცა, ეს შემაღლება თითქმის არ აჭარბებს ორ საფეხურს.

Print